მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქორენა“: პანდემიამ აგროსახლში დასაქმებულთა რიცხვი 14-დან 4-მდე შეამცირა

6055088465734
მარიამ იზორია
20.03.21 12:00
912
პანდემიამ სოფელ გელათში, აგროსახლ „ქორენაში“ დასაქმებულთა რიცხვი 14-დან 4-მდე შეამცირა. როგორც bm.ge-ს აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა განუცხადა, სეზონის განმავლობაში „ქორენა“, საშუალოდ, 1 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს, მაგრამ პანდემია მათზეც მძიმედ აისახა.

მაია კეზევაძე გვიყვება, რომ შარშან როგორც კი პანდემია დაიწყო, ყველა ჯავშანი გაუუქმდა.

„მართალია, მთელი წლის განმავლობაში DMO-იმერეთი და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ სტუმრებს გვიგზავნიდნენ და შევეცადეთ პერსონალი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ აღარ გვჭირდებოდა მძღოლები და გიდები, ფოლკლორულ საღამოებზეც მოთხოვნაც აღარ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში შიდა ტურიზმი დავხვეწეთ - აქამდე ქართველ სტუმართან არასდროს მქონია შეხება, ახლა კი სტუმრებს შორის საქართველოში მცხოვრები უცხოელები და საელჩოების წარმომადგენლებიც არიან“, - აცხადებს „ქორენას“ დამფუძნებელი, რომელიც საზღვრების გახსნასთან ერთად ტურისტებს ისევ ელოდება და ამიტომაც გაფართოებას გეგმავს.

„ჩვენი ხშირი ვიზიტორები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ესტონეთიდან არიან; ამჟამად გვაქვს ორი საოჯახო სასტუმრო, კვების ობიექტი და პატარა ღვინის მარანი; ვაპირებთ კვების ობიექტის გაფართოებას, ეზოში საბავშვო კუთხისა და ხის კოტეჯების დამატებას“, - ამბობს „ქორენას“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდება აგროსახლს სახელმწიფოსგან, მაია კეზევაძე აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში სჭირდებათ. „მაგალითად, პრობლემაა ქუჩის განათების არარსებობა, დაზიანებული გზა, კანალიზაციისა და წყლის სისტემები“, - დასძინა მან.

აგროტურისტული ობიექტი „ქორენა“ ვიზიტორებს საოჯახო სასტუმროში განთავსებას, იმერული სამზარეულოთი გამასპინძლებას, კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ საღამოებს, ადგილობრივ სოფლის მეურნეობაში ჩართულობას, სატრანსპორტო და გიდების მომსახურებას სთავაზობს. სერვისის ფასი პაკეტის მიხედვით განისაზღვრება და პირობითად, 10 ადამიანის სასტუმროში განთავსების საფასური, საუზმით, ვახშმითა და კულინარიული მასტერკლასით, 800 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები