მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე covid-რეგულაცია პირველი მარტიდან მსუბუქდება

62149b619eaa6
ინგა მურუსიძე
22.02.22 15:00
702
ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დღეს არსებული რეგულაცია პირველი მარტიდან შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან არსებულმა უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო. 

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად); დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად); უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა.

"სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება", - განაცხადა უწყებათშორის საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის: მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დიდი ღონისძიებების გამართვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ორჯერ მიიღო. ბოლოს, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2020 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყდა, რომ ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. შეზღუდვა ეხებოდა დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვასაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იყო ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ 2000-ლარიანი, იურიდიული პირის მიმართ კი 10 000-ლარიანი ჯარიმა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებული ამნისტიით, კანონდამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჯარიმები ჩამოეწერათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები