მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქოუგილი: ღრმაწყლოვან პორტს საქართველოსთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს

5d4933d80c5ea
შოთა ტყეშელაშვილი
06.08.19 12:06
1472
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეამაყება, ვიყო ნომინირებული ამ თანამდებობაზე; ვფიქრობ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს საქართველოსთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს,”- განუცხადა BMG-ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მაიკლ ქოუგილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დატოვებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორდს სამი ახალი წევრი - მაიკლ ქოუგილი, თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა შეემატება. საბჭოში თავმჯდომარის პოსტს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი დაიკავებს.

"მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, - ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი უნარებითა და გამოცდილებით გააძლიერებენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას ანაკლიის პორტის პროექტში”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით: „ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები.”

კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი", - ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები