მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქრაუდფანდინგის" სისტემის შექმნით ქართული ბანკები არიან დაინტერესებული

57cd3414d95a1
სალომე მეცხვარიშვილი
05.09.16 12:51
2096
"ქრაუდფანდინგის" სისტემის შექმნით ქართული ბანკები არიან დაინტერესებული,- ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ განუცხადა. “ქრაუდფანდინგის“ სისტემა კონკრეტული პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას ნებისმიერ მსურველს აძლევს. თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია კაპიტალი, შეუძლია ინოვაციური ბიზნესის წილის მფლობელი გახდეს იმ პროპორციით, რა თანხასაც ის ბიზნესში შეიტანს.

ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, მსგავსი სისტემის შექმნის მიმართულებით საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს, როგორც თავად სტარტაპების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ისეთი დიდი კომპანიების მხრიდან, როგორიც ბანკებია. კონკრეტულად რომელი ბანკები არიან დაინტერესებული "ქრაუდფანდინგის" სისტემის შექმნით, კასრაძე არ აკონკრეტებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ საუბარია საქართველოში წარმოდგენილ საკმაოდ „დიდ ბანკებზე“.

"როდესაც ადამიანს აქვს კაპიტალი და ფიქრობს, თუ სად შეიძლება დააბანდოს თანხა, მას შესაძლოა მოეწონოს სტარტაპი და მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ბანკს, მათ ჰყავთ თავისი კლიენტურა და მათ ხელში ძალიან დიდი თანხაა მობილიზებული, ამიტომ მათაც სურთ, რომ დააბანდონ აღნიშნული ფული. შესაძლოა ბანკის ინტერესი კარგი სტარტაპების დაფინანსებითვის რეკომენდაციების გაცემაც იყოს“,- აცხადებს კასრაძე.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავად სახელმწიფო „ქრაუდფანდინგის" სისტემას არ ქმნის და ის მხოლოდ საკანონმდელო ბაზას აწესრიგებს მსგავსი სისტემის შექმნისთვის. მისი ინფორმაციით, საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მიმდინარე თვეში შესაბამისი კანონპროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარედგინება, შემდგომში კი უკვე პარლამენტს.

"ინიციატივას კრიტიკა იმის გამო, მოჰყვა რომ ოპონენტების ნაწილმა ეს აღიქვა ისე, თითქოს სახელმწიფო ქმნიდა ამ სისტემას. რეალობა კი არის ის, რომ სახელმწიფო არ აფინანსებს "ქრაუდფანდის“ სისტემას, სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ბაზას იმისთვის, რომ შეიქმნას კერძო „ქრაუდფანდინგის“ სისტემები. კერძო სტარტაპები, შექმნიან "ქრაუდფანდინგ“ სისტემას და მიიღებენ ინოვაციურ დაფინანსებას თითოეული ადამიანისგან“,- აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები