"ზოგიერთ პროდუქტზე 45%-მდეც ადის ქეშბექები. 2025 წელს ქეშბექი საშუალოდ 21% იყო",- ამის შესახებ "მზიურის" დირექტორმა ლაშა გოცირიძემ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.
დეპუტატის კითხვაზე, სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ქეშბექი ხომ არ უკავშირდება იმას, რომ "აგროჰაბი" და "მზიური" ერთი მფლობელის ქვეშაა. ასევე, რატომ არის ერთი კონკრეტული პროდუქტის, ზეთი "ოლეინას" ფასი განსხვავებული ქსელების მიხედვით. ლაშა გოცირიძემ განმარტა, რომ მათ ბრუნვაში "აგროჰაბის" ქსელში გაყიდვებს უმნიშვნელო წილი აქვს. მისივე თქმით, ერთი პროდუქტის განსხვავებული ფასი ქსელების ფასნამატითაა განპირობებული.
"ჩვენს დაკავშირებულ კომპანიაში ჩვენი რეალიზაცია შეადგენს 3%-ს. ეს იმდენად უმნიშვნელო პარამეტრია, რომ არანაირი გავლენა არ გააჩნია არც ჩვენს ოპერირებაზე და არც ქეშბექის საშუალო პარამეტრის გამოყვანაზე.
ეს არის ქსელების ფასნამატი, რომელიც განსხვავდება. ფაქტობრივად 0-დან 15%-მდე, ინდივიდუალურად ქსელები იღებენ გადაწყვეტილებას. „ქეშბექები“ განსხვავდება ქსელების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემი. ოღონდ აქ შედის „ქეშბექები“, „პრომო აქტივობები“ და ა.შ. ამ მიწოდებული ფასის ზემოდან, რა ფასნამატი იქნება, გადაწყვეტილებას იღებენ ქსელები, ჩვენგან დამოუკიდებლად. იმის არანაირი რესურსი და ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ ვინმეს დაჟინებით მოვთხოვოთ ფასის კორექტირება“,- განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























