„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის კომპიუტერული პროგრამა APA-ს (Advanced Protection Assessment Software, ყოფილი PSS®CAPE) ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის შესყიდვას გეგმავს. მომსახურება გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით იყიდიან და მისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 48 000 ევროს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში, რომელსაც ხელს GSE-ს გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი აწერს, განმარტებულია, რომ პროგრამა APA უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს:
- ქსელის დაცვა და ანალიზი: პროგრამა უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკულ ქსელში მოკლედ შერთვის დენის გაანგარიშებას, რელეური დაცვის მოწყობილობების მოქმედების ლოგიკისა და კოორდინაციის სიმულაციურ შემოწმებას;
- სისტემური სტაბილურობა: გამოიყენება სქემის ექვივალენტირებისთვის, პროგრამა WAM-თან კავშირისა და დინამიურ პროცესებში დანაყენების გადასამოწმებლად;
- რისკების თავიდან აცილება: უწყების ცნობით, პროგრამის განუახლებლობამ ან არალიცენზირებული მიმწოდებლის ჩართვამ შესაძლოა გამოიწვიოს მონაცემთა ბაზის დაზიანება და ენერგოსისტემის სრული ან ნაწილობრივი პარალიზება.
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი გერმანული კომპანია Siemens AG ოფიციალური წერილით ადასტურებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს Siemens Aktiengesellschaft და Siemens Industry, Inc. ფლობენ.
ამასთან, Siemens AG-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში აღნიშნული ლიცენზიების გავრცელების, ინსტალაციისა და მომსახურების ექსკლუზიური უფლებამოსილება 2028 წლის 30 აპრილამდე მიანიჭა თურქულ წარმომადგენლობას.
აღნიშნულ შესყიდვაზე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან (OTA) თანხმობა GSE-მ უკვე მიიღო.
























