ბაზარზე ქართული თხილის ბრენდი "კიჭა" გამოჩნდა, რომლის პროდუქციის რეალიზაცია ამჟამად, რამდენიმე ქსელურ მარკეტსა და უბნის მაღაზიებში ხდება.
BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ოქროაშვილმა განაცხადა, რომ "კიჭას’’ ჯერ-ჯერობით საკუთარი საწარმო არ აქვს და კახეთში ერთ-ერთი ქარხნის მომსახურებას ქირაობს, ნედლეულს კი ძირითადად გურიიდან იღებს.
"ბაზარზე ამ წლის ივლისიდან გამოვჩნდით. კომპანიის მიზანი ქართული თხილის პოპულარიზაცია და ქართული ბაზრისთვის სხვადასხვა სახეობის თხილის შეთავაზებაა. ამჟამად შვიდი სახეობის თხილეულს ვაწარმოებთ, რაც ძირითადად ტკბილ თხილს, მარილიან მიწის თხილს და გურიიდან მიღებულ მრგვალ ქართულ თხილს მოიცავს. ჩვენი საწარმო არ გვაქვს, კახეთში, ერთ-ერთი ქარხნის მომსახურებას ვქირაობთ და მიღებული ნედლეულისგან თხილეულს მათ ვაკეთებინებთ,’’ - განაცხადა გიორგი ოქროაშვილმა.
მისი თქმით, წარმოებას და რეალიზაციას თან სირთულეებიც ახლდა, კერძოდ, კი გამოწვევა ქსელურ მარკეტებში შესვლას უკავშირდება.
"ჩვენთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად აქტიურად უბნის მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი. "კიჭას’’ ერთი შეკვრის ფასი საშუალოდ 5 ლარია, ამიტომ ის ფუფუნების საგნად ითვლება, უბნის მაღაზიებში კი ადამიანები ყოველდღიური მოხმარების ნივთებისთვის დადიან. რეალიზება, რომ გაიზარდოს ამისთვის ქსელურ მარკეტებში აქტიურად შესვლაა საჭირო, თუმცა, ეს ძალიან რთული პროცესია. ქართულ ქსელურ მარკეტებს დიდი მადა აქვთ გახსნილი, ძალიან დიდ თანხას ითხოვენ - შესვლის საფასური, რეგისტრაციის საფასური და ზოგიერთი მათგანი რეტრო ბონუსსაც ამატებს, რაც კატასტროფაა მცირე საწარმოსთვის, რადგან ეს ჩაბარებული პროდუქციის ღირებულების 20%-ის წართმევას გულისხმობს. ამ ყველაფერს ხარისხისა და გემოს დასმის პრობლემა დაემატა - ჯერ ნედლეული მოდიოდა ცუდი, ადგილობრივი მეწარმეები სულ უხარისხო პროდუქციის შემოპარებას ცდილობდნენ, შემდეგ ქარხნისგან ვიღებდით არაკეთილსინდისიერ მომსახურებას, რის გამოც რამდენიმე ქარხანა გამოვიცვალეთ,’’ - აცხადებს გიორგი ოქროაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "კიჭას’’ თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება და მომავალ წელს პირადი საწარმოს ამოქმედებაა.
"ამჟამად "გუდვილში’’ და "სოკარისა’’ და "გალფის’’ მარკეტებში ვართ წარმოდგენილი, მოლაპარაკებას "კარფურთან’’ ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ მალე შევალთ, მთავარი მიზანი ქართული ბაზრის სრულად ათვისებაა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზე, ამისთვის რაიმე საინტერესო პროდუქტი უნდა შეიქმნას. მომავალი წლიდან კახეთში ჩვენი საწარმოს ამოქმედებასაც ვგეგმავთ, რისთვისაც დაახლოებით 0.5 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო", - ამბობს გიორგი ოქროაშვილი.
"კიჭა’’ ამჟამად 3 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მისი თანადამფუძნებლის ცნობით, წარმოების გაფართოების შემდეგ ბუნებრივია თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება.
კომპანია დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, რაც 40 000 ლარს შეადგენდა.

























