მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქსელური სავაჭრო ობიექტების გადასახადები ბანდიტიზმი და ყაჩაღობაა - დისტრიბუტორების ჩაძირვა უნდათ"

5cc055834d4f3
ლევან თაღიაშვილი
25.04.19 09:03
1663
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, ქსელური სავაჭრო ობიექტები ხშირად დომინანტ პოზიციაზე იმყოფებიან და ამის გამო, დისტრიბუტორებს კაბალურ ხელშეკრულებებზე უწევთ ხელის მოწერა.

ამის შესახებ მან "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამან შესაძლოა, მომხმარებელი დააზარალოს და შედეგად პროდუქციის ფასი გაიზარდოს.

„ქსელური სავაჭრო ობიექტები და ჰიპერმარკეტები არიან დომინანტები, ფაქტობრივად, გვკარნახობენ ბაზრის პირობებს. გვიწევს კაბალურ სიტუაციაში მუშაობა. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მომხმარებელზე აისახება. იძულებულნი ვართ, სადისტრიბუციო კომპანიებმა ფასები გავზარდოთ და გაზრდილი ფასებით მივაწოდოთ პროდუქცია, რადგან არის სხვადასხვა გადასახადი; მაგალითად, თითოეულ მაღაზიაში თითო სახეობის პროდუქციის შეტანაზე ითხოვენ ერთჯერადად დარეგისტრირების საფასურს; ასევე, ქსელური ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები თითოეულ ახალგახსნილ მაღაზიაზე ითხოვენ შესვლის საფასურს და თუნდაც ერთ თვეში რომ დაიკეტოს ეს მაღაზია, თანხა უკან არ ნაზღაურდება; ეს ყველაფერი სრული აბსურდია და არსად არ არსებობს, არის გაურკვეველი რეტრო-ბონუსები და ა.შ. ეს არის ბანდიტიზმი პირდაპირი გაგებით, ყაჩაღობა და ამით უნდათ, ჩაძირონ სადისტრიბუციო კომპანიები", - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

მისივე თქმით, სიტუაციას ახალი რეგულაცია მოაწესრიგებს, რომელიც წლის ბოლოსთვის შევა ძალაში.

ჭყონიას განცხადებით, რეგულაციაზე ასოციაცია პარლამენტთან ერთად მუშაობს.

„ეს ძალიან ფაქიზი საკითხია, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერ ვარეგულირებთ, თუ სახელმწიფო არ ჩაერია. სხვანაირად რომ მოვიქცეთ და დისტრიბუტორთა ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიები კარტელურ გარიგებაში შევიდეთ, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს უბრალოდ დავაქცევთ, პროდუქცია თუ არ მივაწოდეთ, მაგრამ ეს იქნება კარტელი და შემდეგ ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებს კონკურენციის სააგენტო და მოგვთხოვენ პასუხს“,  - ამბობს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები