მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

QuickShipper - სტარტაპი, რომელიც ბიზნესებს საკუთარი კურიერებისა და შეკვეთების მართვაში ეხმარება

63a00a5a4d1b4
BM.GE
19.12.22 10:50
679
QuickShipper ქართული სტარტაპია, რომელიც მარიამ ახვლედიანმა, ლევან კილაძემ და ილია გიჯაშვილმა დიდი გამოცდილების ფონზე დააარსეს. ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. ეს სტარტაპი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.

სტარტაპის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის დამფუძნებლებს გავესაუბრეთ:

QuickShipper-ამდე გაქვთ გამოცდილება სხვა სტარტაპებშიც, გვიამბეთ - როგორ მიხვედით QuickShipper-ის იდეამდე?

ჩვენი სხვა საერთო სტარტაპიდან (ელვისი) გამომდინარე, დაგვიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება ელ. კომერციისა და ლოჯისტიკის სფეროებში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს ცოდნა უდრო მასშტაბურ პროექტში დაგვებინავებინა, რომელიც საერთაშორისოდ გამოყენებადი იქნებოდა.

გავაანალიზეთ სხვადასხვა კურიერის მიერ გავლილი მარშრუტები და დავინახეთ, რომ სწორი ალგორითმითა და ოპტიმალური გადანაწილებით, კურიერებს 20%-ით ნაკლები მანძილის დაფარვით შეეძლოთ იგივე შედეგების მიღწევა. ასევე, დავინახეთ ისიც, რომ ბიზნესებს გადატვირთულ პერიოდებში დამატებითი კურიერების მიშველება სჭირდებოდათ.

პროდუქტის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, ტესტირება კი 2022 წლის იანვრიდან დავიწყეთ იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად იყო ბაზარზე მისი მოთხოვნა. სწორედ ტესტირების რეჟიმით მოვედით აქამდე და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ სრულიად ახალ პროდუქტს, რომლის ანალოგიც საქართველოში და რეგიონში არ არსებობს.

მსგავსი software-ების პრაქტიკა ამ ეტაპისთვის, ძირითადად, ამერიკის ბაზარზეა და ჩვენც ისე ვავითარებთ პროდუქტს, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდეს მათ. ვფიქრობთ, ქართული პროდუქტი ძალიან წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე - მის ფარგლებს გართ.

ვინ და ვინ დააფუძნეთ QuickShipper და რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

სტარტაპის უკან დგას გუნდი, რომელსაც ერთად და ცალ-ცალკე მუშაობის ბევრწლიანი გამოცდილება აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: IT დეველოპმენტი, ელ. კომერცია, ლოჯისტიკა, ბიზნესის განვითარება და სხვა.

QuickShipper-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს:

ლევან კილაძე - 2010 წელს დააარსა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აიტი კომპანია Lemondo, რომელიც ქვიქშიფერთან ერთად სხვა მრავალი ქართული პროდუქტის მშობელი კომპანიაა. ლემონდუს პროექტების სიაშია ისეთი ცნობილი პროდუქტები, როგორებიცაა: tkt.ge, ss.ge, moitane, elvis და სხვა..

მარიამ ახვლედიანი - მარიამს აქვს გამოცდილება როგორც მარკეტინგის, ასევე ბრედის განვითარების მიმართულებით. მისი წარმატებული სტარტაპია სასაჩუქრე კომპანია „მონამი“.

ილია გიჯაშვილი - ილიას დიდი გამოცდილება აქვს როგორც უშუალოდ პროდუქტების, ასევე მათი დიზაინის შექმნაში. მის პორტფოლიოშია თითქმის ყველა ის წარმატებული პროექტი, რაც ლემონდუში იქმნება.

გვიამბეთ QuickShipper-ის სერვისების შესახებ დეტალურად

ქვიქშიფერი არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი.

პლატფორმა დაგეხმარებათ:

• მართოთ საკუთარი კურიერები ოპტიმალურად;
• გადატვირთულობისას, მოიშველიოთ ალტერნატიული საკურიერო სერვისები;
• მომხმარებელი გყავდეთ მუდმივად ინფორმირებული შეკვეთის სტატუსებსა და მიტანის დროის შესახებ.

ქვიქშიფერის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს საკუთარი კურიერებისა და შეკვეთების მაქსიმალურად ოპტიმალურად მართვაში. ეს ნიშნავს, რომ ქვიქშიფერი ეცდება, მინიმალური დანახარჯით, მინიმალური მარშრუტის დაფარვით დააბინავებინოს კურიერებს მაქსიმალური რაოდენობის ამანათი.

ქვიქშიფერის პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს სრულ კომფორტს:

• პლატფორმასთან შესაძლოა გაყიდვების ნებისმიერი არხის ინტეგრირება და შეკვეთების მანუალურად რეგისტრაციაც;
• კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ბრენდის ქვეშ დაარეგისტრირონ მათი თანამშრომელი კურიერები და სამუშაოდ მისცენ ქვიქშიფერის კურიერის აპლიკაცია;
• შემოსული შეკვეთების საწყისი და საბოლოო მისამართებიდან გამომდინარე, ქვიქშიფერი თავად ადგენს იმ ოპტიმალურ მარშრუტს, რომელიც კურიერმა უნდა გაიაროს;
• ქვიქშიფერი ასევე აჯგუფებს მსგავს მისამართებს, რათა კურიერს არ მოუწიოს ერთი და იგივე მარშრუტის ზედმეტად გავლა;

გარდა ამისა, ქვიქშიფერი ბიზნესს საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაციის მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს: მყიდველებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათი შეკვეთის tracking ბმულით. ამ ბმულზე მათ შეუძლიათ რეალურ დროში, რუკაზე ადევნონ თვალი კურიერის გადაადგილებას.

ინოვაციური მიდგომაა ასევე ქვიქშიფერის ჰაბის ფუნქციონალი: პლატფორმაში ინტეგრირებულია მოწინავე საერთაშორისო და ლოკალური საკურიერო კომპანიები. შესაბამისად, თუ კომპანიის შეკვეთების რაოდენობას მისი თანამშრომელი კურიერი ვეღარ გაუმკლავდება, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, მოიშველიოს სხვა კომპანიის კურიერი, იმავე პლატფორმიდან.

ბიზნესს, ერთი მხრივ, უნდა, რომ ხარჯი დაწიოს და ამიტომ აჰყავს საკუთარი კურიერი, მაგრამ, მეორე მხრივ, ექმნება პრობლემა გადატვირთული პერიოდების დროს, რადგან საკუთარი რესურსით პიკურ დატვირთვებთან გამკლავება რთულია.

ამიტომ, ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ ჰიბრიდულ გამოსავალს - მაქსიმალურად ვტვირთავთ კომპანიის თანამშრომელ კურიერს და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენივე სისტემიდან მოიშველიოს იმ მომენტში ხელმისაწვდომი კურიერი სხვა კომპანიიდან.

ერთ პლატფორმაში შეკრებილი სხვადასხვა ალტერნატივა, გამოკვეთილი ფასებითა და მიტანის დროებით კიდევ უფრო მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი კურიერები ჯერ არც ჰყავთ.

როგორი იყო QuickShipper-ის პირველი ნაბიჯები და რა სირთულეები გხვდებოდათ განვითარებასთან ერთად?

საწყის ეტაპზე რაც ქვიქშიფერი უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე ამჟამინდელი პროდუქტის მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილი იქნება. რომ შევადაროთ პროდუქტი იდეის დაბადებიდან დღევანდელ შედეგამდე, ამ 6 თვეში იმხელა განვითარება ჰპოვა უკვე, მომავალ წელს სადამდე მივალთ, ვერც კი წარმოვიდგენთ.

ყველა სირთულე ამ საქმეში ყოველთვის ლოჯიტიკის ნაწილს ეხება. სწორედ ეს ნაწილი არის მტკივნეული ბიზნესებისთვისაც და ამ სირთულის გადაჭრისკენ არის მიმართული მთლიანად პროდუქტი. ლოჯისტიკა & საოპერაციო ნაწილის ოპტიმალურად მართვა გამოწვევაა ყველა კომპანიისთვის, ნებისმიერ ბაზარზე. თუმცა, ჩვენი დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ეს ასპექტები.

რა ეტაპზეა სტარტაპი ამჟამად?

ქვიქშიფერის პლატფორმის ტესტირებაში ახლა რამდენიმე კომპანიაა ჩართული, საბოლოო პროდუქტი წლის ბოლომდე ჩაეშვება, წინასაახალწლო პერიოდში კიდევ ერთხელ დაიტესტება მომხმარებლების მიერ. მათგან მიღებული უკუკავშირით დავხვეწთ პროდუქტს და 2023 წლიდან უკვე მასობრივი მოხმარებისთვის ჩავუშვებთ და შევთავაზებთ სხვადასხვა კომპანიას. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ პროდუქტი „მზად არის“, დავიწყებთ აქტიურ კამპანიებს მისი ცნობადობის ასამაღლებლად როგორც საქართველოში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ.

აქამდე თუ მიუღია QuickShipper-ს სხვა ტიპის აქსელერატორში მონაწილეობა?

სტარტაპის საწყის ეტაპზე მონაწლეობა მივიღეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში, სადაც ქვიქშიფერი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

აქსელერატორის ტიპის პროგრამა ჩვენთვის პირველია და ამ ეტაპისთვის 500Georgia ყველა მიმართულებით გვთავაზობს ისეთ მხარდაჭერას, რომ სრული ფოკუსი და რესურსი სტარტაპის სწორად განვითარებასა და გაზრდაზე მივმართოთ. ამ პროგრამის პარალელურად არ ვფიქრობთ სხვა აქსელერატორში მონაწილეობის მიღებას, თუმცა შესაძლოა, დაგვჭირდეს ინვესტიციების მოზიდვის რაუნდის გამოცხადება.

500-ის დასრულების შემდეგ, როცა სტარტაპი ახალ ეტაპზე გადავა, შესაძლოა, ისევ მივიღოთ მონაწილეობა სხვა, მსგავს პროგრამაში.

რამ გიბიძგათ, შეგევსოთ 500Georgia-ს აპლიკაცია?

500 Global არის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა სტარტაპ სამყაროში ბევრი ნაბიჯით წინ გწევს. თუ ამ პროგრამაში მოხვდი, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გავლილი გაქვს „ვალიდაცია“ სხვა პოტენციური ინვესტორების თვალში, რაც საგრძნობლად გიმარტივებს მათ მოძიებასა და შენი სტარტაპის მათთვის გაცნობას.

სტარტაპი ისეთ პროდუქტს მოიცავს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს თავისუფლად გაცდება, შესაბამისად აქსელერატორიც ისეთი გვჭირდებოდა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, საერთაშორისო ექსპანსიისას სწორი გეზი დაგვეჭირა.

500Georgia აქსელერაციის სწორედ ასეთი პროგრამაა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ პროგრამაში მოვხვდით.

როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

ვფიქრობთ, ეს პროგრამა დაგვეხმარება როგორც საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესებაში, ასევე იმის გათვითცნობიერებაში, თუ რა არის საჭირო უფრო ფართო მასშტაბზე, რას აქცევენ ყურადღებას ინვესტორები და რა არის მათთვის საინტერესო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საკმაოდ სწრაფად ვითარდება ამ მიმართულებით და უკვე არაერთი ქართული სტარტაპის წარმატებას ვისმენთ ყოველდრიურად. იმედი გვაქვს, რომ 500Georgia-ს დახმარებით, ქვიქშიფერიც შეუერთდება ქართული წარმატებული სტარტაპების სიას საერთაშორისო ბაზარზე.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

გარდა იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისა, 500 Global არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან, იფიქრო უფრო მასშტაბურად. აქ გეძლევა შესაძლებლობა, გაცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის ბოლოს ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია, ამ წლის ბოლომდე დავასრულოთ პროდუქტზე მუშაობა, რაც მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისგან ნებისმიერი სახის უკუკავშირის შეგროვებასა და გათვალისწინებას. ქვიქშიფერი სხვა უცხოურ ანალოგს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ შესაძლოა, მათზე უკეთესიც იყოს, რადგან საკმაოდ ბევრ უპირატესობას აერთიანებს.

2023 წლიდან კი უკვე გეგმაში გვაქვს პროდუქტის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანაც. როგორც ვახსენეთ, ეს ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან ქვიქშიფერი არის სრულიად ციფრული პროდუქტი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა, შევძლებთ მის გაყიდვას ციფრული არხების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, მომავალ წელს ჩვენს პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარს გავაცნოთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები