მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუმსიშვილი: ვაჭრობაზეა დღეს დამყარებული საქართველოს განვითარების ვექტორი

5937b08506c7c
BM.GE
07.06.17 12:00
1535
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და გამოფენის მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საბაჟო სფეროში და მას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები (500-ზე მეტი სტუმარი) ესწრება.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც შესაძლებელია იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრებსა და საბაჟოზე, ხაზი უნდა გაესვას საზღვრის მართვაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციას. სწორედ მათ სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ საბაჟო ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სწორედ ვაჭრობაზეა დღეს დამყარებული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყანა რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის, აბრეშუმის გზის გასაყარზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია საბაჟო გაერთიანებებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს და გავცვალოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რომელიც არის ტრანზიტული ქვეყანა და რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია საქართველოს საბაჟოების განვითარებისთვის იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია ძალიან ნაყოფიერად ჩაივლის", - აღნიშნა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ.

მსო (მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია) საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად კონკრეტულ თემატიკას ეფუძნება. წელს, კონფერენციის თემაა მონაცემთა ძალა საზღვრის ეფექტური მართვისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები