BM.Ge-ს მიეცა საშუალება ჩაეწერა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის ახალი მფლობელები. კონკრეტულად, აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი.
კომპანია “ნექსოლი” ის ჰოლდინგია, რომელსაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი ფლობს და რომელმაც კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. გარიგება ხმაურიანი და პრობლემატური გამოდგა. კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ტრანზაქცია მასთან არ შეთანხმდა და "კავკასუს ონლაინის' წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.
“ნექსოლ ჰოლდინგი” განმარტავს, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც საერთაშრისო ბაზარზე ოპერირებს, საქართველოში საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და ეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას უკავშირდება. 200-მილიონიანი პროექტი, რომლის ნაწილიც არის საქართველო, გულისხმობს ევროპიდან საქართველოს გავლით ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენას, ოღონდ ციფრული მიმართულებით. ნექსოლ ჰოლდინგში ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტის საქმის კურსში იყო საქართველოს წინა პრემიერ მინისტრი და ინფორმაცია წესით ახალ ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს.
„საქართველოს ყოველთვის მოვიაზრებდით მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად და რამდენიმე კარგ შესაძლებლობასაც ვხედავთ თქვენს ქვეყანაში ბიზნესის სხვადასხვა სექტორში. თუმცა, ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინი ერთადერთი შენაძენია ტელეკომ სექტორში, მაგრამ საქართველოში საკმაოდ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ.
“კავკასუს ონლაინი” ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია, სწორედ ამიტომ ვაპირებთ კავკასუს ონლაინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩავდოთ თანხები. რადგანაც შავ ზღვაში არსებულ კაბელს და ზოგადად “კავკასუს ონლაინს” საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს, მათი გამოყენებისთვის კი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებაა აუცილებელი. ასევე საჭიროა, თანამედროვე მონაცემთა ცენტრის მშენებლობაც, რაც დღეს საქართველოს ნამდვილად აკლია და სჭირდება, რადგან ასეთი ახლა არ არსებობს. ამ ეტაპზე ვაპირებთ 4 დატა ცენტრისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების მშენებლობას. ეს კი საქართველოს რეგიონში ციფრულ ჰაბად აქცევს, საუბარია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე.
გაკეთებული გვაქვს წინაწარი შეფასებები და “ნექსოლ ჰოლდინგის” საინვესტიციო გეგმით, რომელიც ციფრული აბრეშუმის გზის განვითარებას გულისხმობს და ერთმანეთთან ევროპასა და აზიას დააკავშირებს, გათვალისწინებულია დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამაში მოიაზრება ინვესტირება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კასპიის ზღვაში. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ვფიქრობთ, ინვესტიცია 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ზოგადად, მოვიაზრებთ, რომ ინვესტიციამ შესაძლოა 50-დან 100 მილიონ დოლარამდე მიაღწიოს, ეს ყველაფერი სხვა ტექნიკურ საკითხებზეც არის დამოკიდებული.
ციფრული აბრეშუმის გზა საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომელიც “ნექსოლ ჰოლდინგმა” 2018 წელს დაიწყო. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში: უნდა შეიქმნას ციფრული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს, ასევე ჩინეთს“-აცხადებს თაგიევი.
მისი თქმით, 2018 წელს არსებულ იდეას დღეს უკვე პროექტის სახე აქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა და აზია დაუკავშირდება ერთმანეთს ისეთი ქვეყნების და ზღვების მეშვეობით როგორებიაა: ბულგარეთი, შავი ზღვა, საქართველო, აზერბაიჯანი, შემდგომ კაბელი კასპიის ზღვაში, ყაზახეთი და ჩინეთი. ასევე იგეგმება აზერბაიჯანი - თურქმენეთის დაკავშირება და ავღანეთში გასვლაც. თაგიევის თქმით, უკვე არსებობს ხელმოწერილი 2 მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც დადებულია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს და თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის.
კითხვაზე, საქმის კურსშია თუ არა მათ გეგმებზე, საქართველოს მთავრობა, თაგიევი პასუხობს:
„ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამ პროექტთან დაკავშირებით საქმის კურსშია, რადგან “ნექსოლ ჰოლდინგს” ამ იდეაზე საუბარი ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ასევე ჩატარებულია საკმაოდ ბევრი პრეზენტაცია, მათ შორის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ამიტომ, მჯერა, რომ მათ იციან პროექტის შინაარსი, მაგრამ შეიძლება დეტალები ცნობილი არ იყოს“.