“მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებებზე სწრაფად რეაგირება გვიწევს.” - ამის შესახებ გადაცემაში “საქმიანი დილა” კარდიოლოგიური კლინიკა "თიმის" დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. საუბარია Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა შეიცვლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა. მათი დაფინანსება ახლა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება ანუ კლინიკები თანხას მობილიზებული საწოლების მიხედვით აღარ აიღებენ.
კაჭახიძის თქმით, ჩვეულ რეჟიმში გადმოწყობას სექტორი მომზადებული ვერ შეხვდა და ახლა ყველა პრობლემის მოგვარება ერთდროულად უწევს, რაც მარტივი არ არის.
“პანდემიის დროს მთავარი დაწოლა კლინიკებზე და ექიმებზე მოდიოდა. ამ პერიოდში ჩვენ ჰიბრიდულ რეჟიმზე ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე გარკვეული სერვისები შეიზღუდა. მივიღეთ შედეგი, რომ ჩვენ კოვიდკლინიკა აღარ ვართ, თუმცა შეზღუდული სერვისების დაწყება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ. 2019 წლის მდგომარეობაზე გადმოწყობა მარტივი არ აღმოჩნდა. გარკვეული სერვისები აღარ გვაქვს, შედეგად, გაშვებული კადრებიც აღარ გყავს. თავიდან ახალი კლინიკის ფორმირება გვიწევს, ეს მტკივნეულია. იმ კადრებს და სერვისებს, რაც დაკარგე რამდენიმე დღეში კი არა რამდენიმე თვეშიც კი ვერ დააბრუნებ.
სახელმწიფოსაც ვერ ექნებოდა ზუსტი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად მორჩებოდა პანდემია. მაგალითად, ომიკრონის შტამის შემთხვევაში მაჩვენებლების მატებაც ისეთივე სწრაფი იყო, როგორც მისი კლება. თუ ერთთვიან ინტერვალში მოთხოვნა გარკვეულ საწოლებზე დეკემბრის ბოლს იყო, იანვრის ბოლოს მოთხოვნა 4-ჯერ შემცირდა", - განმარტა კაჭახიძემ.

























