31 დეკემბერს კლუბები იხსნება - ამის შესახებ კლუბების გაერთიანების art4culture-ის წარმომადგენლი დავით ლეჟავა BM.GE-თან აცხადებს. მისი თქმით, შესაბამისი დაპირება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბიზნეს ომბუდსმენი და თავად კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება ოფიციალურ გადაწყვეტილებას, კლუბების წარმომადგენლები უახლოეს საათებში ელოდებიან შესაბამისი უწყების მხრიდან.
ლეჟავას განმარტებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღონისძიებებზე დასწრებას სრულად ვაქცინირებულ პირებთან ერთად შეძლებენ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული pcr ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები და მხოლოდ ის კოვიდგადატანილი ადამიანები, ვისაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდა ინფექცია. 7 იანვრიდან განსხვავებული პროტოკოლი იმოქმედებს, რომელიც უფრო მკაცრი იქნება.
“დღეს გვქონდა საბოლოო კონსულტაციები და დიალოგი მთავრობის ადმინისტრაციასთან. ბიზნეს ომბუდსმენთან და პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციასთან. მივაღწიეთ ასეთ შეთანხმებას, რომ საახალწლოდ გავიხსნებით ჩვენ მიერ შემუშავებული პროტოკოლით. ეს არის ორაფეხურიანი მწვანე ბარათი. ასევე შევთახმდით, სამომავლოდ კლუბებში დაშვების პროტოკოლის კიდევ ერთი საფეხურით გამკაცრებაზე. ღონისძიებებზე დაშვება საშობაოდ, 7 იანვრიდან, იქნება შესაძლებელი მწვანე საშვით, პლუს ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტით,”-აცხადებს კლუბების გაერთიანების art4culture-ის წარმომადგენელი დავით ლეჟავა.
რაც შეეხება დალუქულ კლუბებს, მათი გახსნის პროცესი ხვალიდან უნდა დაიწყოს. საუბარია თბილისში არსებულ 5 ობიექტზე, რომელთა დალუქვაც გასულ უქმეებზე მოხდა. ლეჟავას განმარტებით, კლუბისთვის ლუქების ახსნა ხვალ 14 საათამდე მოხდება.