„თელავი მეწარმე ქალებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი ნატო ქურციკაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე უფრო მეტი კაცი მუშაობს, ვიდრე ქალი. მისი თქმით, სფეროში მეწარმე ქალების სიმცირე ნამდვილად არის და ამის შემჩნევა სხვდასხვა კვლევის გარეშეც შესაძლებელია.
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ქალები სხვდასხვა სფეროებში, პოლიტიკაში, ბიზნესში, ძალიან გააქტიურდნენ, სამეწარმეო სფეროში მათი რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ბოლო წლებში მცირე და მიკრო ბიზნესები სხვადასხვა გრანტით დაფინანსდა, პროცენტული გადანაწილება კი ასეთია: ამ მცირე გრანტების 60% მამაკაცებმა მოიპოვეს, ხოლო – 40% ქალებმა. წარმატების გზაზე ქალს მეტი წინაღობა ხვდება, სტერეოტიპები, მიდგომები მამაკაცების მხრიდან: მაგალითად 5 გამოკითხული მამაკაციდან 3 ცალსახად ასახელებს, რომ სამსახურში ქალი მენეჯერი დისკომფორტს უქმნის, სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა უფრო მძაფრად რეგიონებში დგას, სადაც ქალ მეწარმეს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს“ - განმარტავს ნატო ქურციკაშვილი.

























