კომპანია "აჭარისწყალ ჯორჯიას" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ ამ პოზიციაზე სატიშ ბჰატი წარადგინა. სატიშს აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 32-წლიანი გამოცდილება, ბიზნესის განვითარების და პროექტების განხორციელების მიმართულებით. მისი კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიის სფეროში მოიცავს, როგორც მზის, ასევე ჰიდრო ობიექტების მართვას. სატიშ ბჰატი არის განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე არაერთი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
სატიშ ბჰატი საქართველოში კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" და შესაბამისად ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო ობიექტს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს უხელმძღვანელებს. შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო და ოპერირებიდან დღემდე გამომუშავებული ელექტროენერგია 1700 მლნ კილოვატ საათს აჭარბებს. დღევანდელი "საქმიანი დილის" სტუმარია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სატის ბჰატ.
მოგესალმებით ბატონო სატიშ, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში, გვინდა წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. ჩვენ უკვე წლებია ინტერესით ვაკვირდებით და ვაშუქებთ, შუახევი ჰესის როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პროცესს. როგორ აფასებთ კომპანიის საქმიანობას და თუ გეგმავთ სიახლეებს?
მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ენერგო ობიექტის მართვა. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო გუნდზე, რომელიც საქართველოში დამხვდა, უაღრესად სასიამოვნოა ამდენ ქართველ პროფესიონალთან შეხვედრა და მათთან ერთად მუშობა. ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის გადალახვა და მუდმივად წარმატებისკენ სვლა შეუძლია. ნებისმიერ სიახლეს, რომელსაც დავგეგმავთ და ამ მხრივ უკვე დაწყებული გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, იქნება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, გუნდის გადაწყვეტილების შედეგად მიღებული. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
გასული წელი წარმატებული იყო შუახევი ჰესისთვის, ჰესი 2020 წელს შევიდა ოპერირებაში და თქვენი გამომუშავება ყოველწლიურად მზარდია. საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, შუახევი ჰესი წელს კიდევ უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე გასულ წელს. საქართველოს ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მონაცემების თანახმად, შუახევი ჰესის საპროგნოზო მაჩვენებელი 485 მილიონი კილოვატ საათია. როგორ შეაფასებდით, როგორია მიმდინარე წელი თქვენთვის?
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი წელი, როგორც გასული წელი, წყალუხვობით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის კარგი წელია. თუ წყალუხვობა შენარჩუნდება, ჩვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, როგორც გასულ წელს, წელსაც დაგეგმილ მაჩვენებელს მიღწევს. ამ დროის მონაცემებით, შუახევის ჰესების კასკადმა, რომელიც მოიცავს 178 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს, ჯამურად გამოიმუშავა 390 მლნ კვტსთ.
თქვენ ენერგეტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, როგორ შეაფასებდით ქართულ ენერგეტიკას, როგორია მისი განვითარების ტემპი და რა საჭიროებები არსებობს?
პირველ რიგში, ნებისმიერი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად აითვისოს ის რესურსი, რაც მას გააჩნია. ბუნებრივია, რომ საქართველოში თავისი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე ჰიდროს ყოველთვის წამყვანი როლი ექნება, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს სხვა მიმართულებები, როგორიც არის მზე და ქარი. სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებული. განახლებადი ენერგო ობიექტების ერთობლიობა შექმნის ენერგო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.
რაც შეეხება განვითარების ტემპს, ჩემი საქართველოში ჩამოსვლა, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოს მთავრობამ მხარდაჭერის ახალი მექანიზმი წარმოადგინა. ვნახოთ, გამოწვების მიუხედავად, მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ენერგოსექტორისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა. ქვეყანამ უნდა აითვისოს საკუთარი ბუნებრივი რესურსი რაც აქვს, ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.
შუახევი ჰესის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, გარდა იმისა რომ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში თავის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შუახევი ჰესმა ქვეყნის ან იმ კონკრეტული რეგიონის განვითარების პროცესში, სადაც თქვენ საქმიანობას ეწევით?
ენერგეტიკული პროექტები ზოგადად დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პროცესში. შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპზე დასაქმდა 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და მათი უმეტესობა ბუნებრივია იყო ადგილობრივი. რაც შეეხება ოპერირების ეტაპს - ჩვენს კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 80 ადამიანი. შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპზე განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომელთა მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი განვითარება იყო. სოციალური პროექტების განხორციელებას ჩვენ ოპერირების ეტაპზეც ვაგრძელებთ და ყოველწლიურად ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რეგიონის საჭიროების შესაბამისი პროექტები განვახორციელოთ - ეს იქნება, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ მცირე ბიზნესის დაფინანსება. ჩვენ მიერ ქონების გადასახადის სახით გადახდილი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 55 მილიონს აჭარბებს. ენერგეტიკული პროექტები მთელი თავისი ციკლის პროცესში - პროექტის განვითარება და შემდგომ უკვე ოპერირება, მნიშვნელოვან, სასარგებლო როლს თამაშობენ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პროცესში.

























