მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

639af99aa37b4
BM.GE
15.12.22 19:47
635
„მეორე მოსმენისთვის ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავხვეწეთ პროექტი, რომელიც საკრებულოს თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტი, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კახა კახიშვილმა კომიტეტის წევრებს მოქმედი რედაქცია გააცნო, რომლის მიხედვითაც 3 თვის მანძილზე, მერსა და საკრებულოს შორის შეუთანხმებლობის და ბიუჯეტის ვერ დამტკიცების გამო, ვადაზე ადრე მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

კანონში დღეს არსებული ჩანაწერით, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მერის და საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე ჩერდება, საქართველოს მთავრობა დროებით რწმუნებულს ნიშნავს. დროებითი რწმუნებულის წარდგინებით კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

„აღნიშნული მიდგომა, ჩვენი შეფასებით, თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევის ელემენტს შეიცავს, ამიტომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, ჩვენ კომპრომისული მოდელი მოვამზადეთ. კერძოდ, ვინაიდან, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, უფლებრივი ძალაუფლების უფრო დიდი ნაწილი საკრებულოზე მოდის, რომელსაც მერის ჩართულობის გარეშე თავად შეუძლია მოამზადოს და დაამტკიცოს ბიუჯეტი და თუ ამასაც ვერ ახერხებს, გამოდის რომ საკრებულომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამასთანავე, ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებებით -მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მთავრობა აღარ დაამტკიცებს და აღარ ჩაერევა მის საქმიანობაში. მერი, საკრებულოს არჩევნებამდე, გააგრძელებს თავის უფლებამოსილების შესრულებას წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების 1/12-ის ხარჯვით. შესაბამისად, მერიც უფრო მეტად პასუხისმგებელი იქნება აქტიურად ჩაერთოს საკრებულოსთან კონსულტაციებში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდეს“, - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობას, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს წევრები დროებით შემსრულებლებად რჩებიან და მათი უფლებამოსილება ახალი საკრებულოს პირველი სხდომის შეკრებისას შეწყდება.

სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განხილული კანონპროექტი შეაფასა. „ჩვენი მთავარი ინტერესია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩვენი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის საბოტაჟს არ შეეწიროს მათი ინტერესები, რომლის ელემენტებიც ჩვენ მიმდინარე წელს დავინახეთ. სწორედ ამას ითვალისწინებს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები