მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ეტაპზე 11 000 ვაზია დარგული" - როგორ დავრგოთ ვაზი ონლაინ?

6362787c847f9
თინათინ ნატმელაძე
02.11.22 18:01
966
„ვივაინის“ ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ენდემური ვაზის ჯიშების დარგვა შეუძლიათ, უკვე სამი წელია ბაზარზე ოპერირებს და კახეთის, სამეგრელოს, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია დათუნაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

დათუნაშვილის ცნობით, პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი, აღადგინონ წლების განმავლობაში გადაშენებული ქართული ენდემური ვაზის ჯიშები, დიდწილად მიღწეულია, რადგან ამ პროცესში როგორც ქართველები, ისე ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული.

„ბაზარზე სამი წელია ვოპერირებთ, ჩვენი პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი ქართული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენა იყო, იმ ჯიშების, რომლებიც წლების განმავლობაში გადაშენების პირას იყვნენ. ამჟამად, ჩვენს მომხმარებლებს ვაზის დარგვა კახეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში შეუძლიათ.

მომხმარებელი ონლაინ ირჩევს სასურველ ვაზის ჯიშს და რეგიონს, შემდეგ ჩვენ ვრგავთ ვაზს, ვუვლით, ვწურავთ ღვინოს დამრგველის სახელზე, მას გადაეცემა პასპორტი უნიკალური QR კოდით და თვალყურს ადევნებს საკუთარი ვაზის განვითარების პროცესს.

მომხმარებელი საკმაოდ ბევრი გვყავს, თანაბარი დაინტერესებაა როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან, ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის მოქალაქეა ჩართული ამ პროცესში, რაც ჩვენი მიზნის მიღწევას გვიადვილებს“, - აცხადებს ილია დათუნაშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 11 000 ვაზია დარგული და ჯამში კომპანიას 4 000 მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმის მეშვეობით ერთი ენდემური ჯიშის ვაზის დარგვა 60 ლარი ღირს, რაც ვაზის მოვლას და მოყვანას სრულად მოიცავს.

ქართული მივიწყებული ვაზის ჯიშების აღდგენას თან გარკვეული პრობლემებიც ახლავს, „ვივაინის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ რეგიონებში იმ კადრების მოძიება, რომლებიც ვაზს დარგავენ, მოუვლიან და სრულფასოვნად შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, საკმაოდ რთულ პროცესთანაა დაკავშირებული.

"რეგიონებში სანდო კადრებს ვეძებთ, ვაზი არ არის ჩვეულებრივი ხე, მას განსაკუთრებული არჩევა და მოვლა სჭირდება და როდესაც ჩვენი მომხმარებელი გვენდობა, ვალდებული ვართ მას ყველა წესის დაცვით მოვემსახუროთ, ეს პროცესი კი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული“, - ამბობს ილია დათუნაშვილი.

„ვივაინის“ სამომავლო გეგმებში ამ პროცესში ყველა რეგიონის ჩართვა შედის, რაც კოვიდ პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა, თუმცა ილია დათუნაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მომავალი წლიდან, პირველ რიგში, გურიის და ლეჩხუმის რეგიონებს დაიმატებენ და შემდეგ ეტაპობრივად სხვა კუთხეებზეც გადავლენ.

აღსანიშნავია, რომ „ვივაინი’’ ლივინგსტონთან კოლაბორაციითა და მისი თანადაფინანსებით შეიქმნა, რაც $120 000 ინვესტიციას შეადგენდა. კომპანია ამჟამად 12 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები