არუნ ვენკატარამანი, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, საგარეო ვაჭრობის სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია. საქართველოს გარდა, მის მოგზაურობაში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ელენე კვანჭილაშვილის “ანალიტიკა”–ში არუნ ვენკატარამანმა გააანალიზა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ მიიღო და რომლის მიხედვითაც, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და სასამართლოს კიდევ 2 მაღალჩინოსანს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესდათ.
ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ გავიგეთ – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და სასამართლოს კიდევ 2 მაღალჩინოსანს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს. რატომ ახლა?
გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იხილეთ, გაგრძელებაა ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი საუბრებისა ჩვენს მეგობრებთან საქართველოს მთავრობაში – ეს ეხება დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას დიდი ხანია ვესაუბრებით. მოგეხსენებათ, რომ სასამართლო რეფორმა იმ 12 წინაპირობას შორისაა, რის შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და საბოლოო ჯამში – ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ეს გადაწყვეტილებაც ამ უწყვეტი საუბრის ნაწილია. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მთავარი ნაბიჯი, რაც საქართველომ შეიძლება გადადგას იმისთვის, რომ საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესოს, ეს სასამართლო რეფორმის გატარებაა და ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოს მთავრობაში იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ საქმეს? – მაგალითად: ნიკა გვარამია, პრეზიდენტი სააკაშვილი?
არა, ეს გადაწყვეტილება არ არის კავშირში რომელიმე კონკრეტულ საქმესთან. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და გავაუმჯობესოთ საქართველოს სასამართლო სისტემა.
რა გზავნილია სასამართლოს მაღალჩინოსნების სანქცირების გადაწყვეტილება – თავად სასამართლო სისტემისთვის, მთავრობისთვის და ჩვენთვის – საქართველოს მოქალაქეებისთვის?
მთავარი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას. სწორედ ქართველ ხალხს სურს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის გარე ზეგავლენისგან. იმიტომ რომ სწორედ ასეთი ტიპის სასამართლოს შეუძლია მათ მოუტანოს ყველაზე დიდი სარგებელი – მოუტანოს დემოკრატია, მოუტანოს ინვესტიციები – ის ყველაფერი, რაც ქართველ ხალხს სურს. ვფიქრობ, სწორედ ეს ჩანს ამ განცხადებაში.
სასამართლოს მაღალჩინოსნების სანქცირების გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ ეს ინდივიდები ჩართულები იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. გვახსოვს, USAID-ის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევიც, რომელიც საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდ ტენდენციაზე მიუთითებდა. ასეთი ფაქტები და არა მხოლოდ ფაქტები – აღქმებიც კი დამაზიანებელია საქართველოს ტრანს–ატლანტიკური მისწრაფებებისთვის – რატომ?
დემოკრატია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება. ერთ–ერთი ასეთი ფაქტორია ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური შტოებისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპებთან. კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების, არამედ – საინვესტიციო და ეკონომიკური ღირებულებების გამოც. ზუსტად ამიტომ ენიჭება სასამართლოს დამოუკიდებლობას ამხელა პრიორიტეტი.