ავიაბილეთებზე დაახლოებით ის ფასები შენარჩუნდა, რაც იყო პანდემიამდე, - ამის შესახებ BM.GE-ის უცხოური ავიაკომპანიების გენერალური სავაჭრო წარმომადგენლობის GASA-ს დამფუძნებელმა გიორგი შენგელიამ განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით განსაკუთრებული გაძვირება არ შეინიშნება.
„ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ავიარეისები აღდგა. თბილისის აეროპორტში თითქმის 57%-იანი აღდგენაა პანდემიამდე პერიოდთან მიმართებით. ივლისშიც იქნება მატება, თუმცა დატვირთვა ისეთი ჯერ მაინც არ არის, როგორც პანდემიამდე იყო“, - განაცხადა შენგელიამ.
მისივე თქმით, ავიაბილეთების ფასების შენარჩუნება განსაკუთრებით იმან განაპირობა, რომ საქართველომ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლის წესები აგრესიულად გაამარტივა.
„საქართველომ ძალიან აგრესიულად გაამარტივა ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლის წესები, რამაც ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი გამოიწვია, ფრენების რაოდენობამაც მოიმატა, უკვე 65 ქვეყანა არის ისეთი, რომელსაც გამარტივებული წესით შეუძლია შემოსვლა საქართველოში, რამაც გაზარდა მგზავრთანაკადი და ტრაფიკის რაოდენობამ იმატა, თუმცა ეს რაოდენობა იმდენადაც არ არის გაზრდილი, რომ მაღალი ფასი დაედოს ავიაბილეთებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის. აგვისტო ყოველთვის უფრო ძვირი იყო წლის განმავლობაში, მაგრამ 2019 წლის აგვისტოსთან მიმართებით უფრო გაძვირებული ფასები არ იქნება“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს ცა 1 თებერვლიდან გაიხსნა. საზღვრის კვეთისთვის მთავარი პირობა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის პასუხია.