მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავიაემბარგოთი ტურისტულმა სექტორმა შოკი მიიღო“ - რა გვასწავლა „ემბარგოს გაკვეთილებმა“?

64762d09cbf6a
თელარა გელანტია
30.05.23 22:00
612
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი იმედოვნებს, რომ 2019 წელს რუსეთის მიერ დაწესებული ავიამებარგო საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გაკვეთილი იქნება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„2019 წელს, რუსეთისგან ავიაემბარგო ერთხელ უკვე იწვნია ბაზარმა, მაშინ მე თავად გახლდით ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელი; მახსოვს, შოკი ჰქონდა ქართულ ტურისტულ ბაზარს და ვისწავლეთ ის გაკვეთილი, რომ ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ერთი ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ვემსახურებოდეთ; ჩვენი მენიუები არ უნდა იყოს იმ ენებზე ნათარგმნი, საიდანაც ტურისტები შემოდიან - გვაქვს მშობლიური ქართული ენა და საერთაშორისო ინგლისური ენა და ვფიქრობ, საკმარისია... ტურიზმის ბაზარმა იცის, როგორ მუშაობს რუსეთის არასტაბილური ბაზარი და არ ვფიქრობ, რომ სექტორი სწორებას რუსეთზე გააკეთებს. ჩემი მოლოდინია, რომ პრიორიტეტულ ბაზრებს შორის კვლავ დარჩება ისრაელი, ევროკავშირის და გალფის ქვეყნები - ამ ვექტორს არ უნდა გადავუხვიოთ, მითუმეტეს, როცა უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება“, - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა და დასძინა, რომ კერძო სექტორმა უნდა ისწავლოს ბიზნესის კეთება კონკურენტუნარიან გარემოში, ციფრულ განვითარებას უნდა აუწყოს ფეხი და არ დაეყრდნოს წლების წინ “ქვეყნის ცნობადობას” პოსტსაბჭოთა სივრცეში.

კითხვაზე - „მოცემულ ვითარებაში, რამდენად სწორი იყო საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთის ხელისუფლების მიერ ავიამბერგოს მოხსნაზე და შესაბამისად, პირდაპირი მიმოსვლის აღდგენაზე“ - ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ „საჯარო სექტორმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი“. „მათ უნდა უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.

ავიაემბარგოს დაწესების და მოხსნის თემაზე საუბრისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ალიანსის თანადამფუძნებელმა „ჯორჯიან ეარვეისიც“ გააკრიტიკა იმ განცხადებების გამო, რომელსაც ავიაკომპანია რუსეთთან მიმართებით აკეთებს.

„არ შეიძლება, კერძო სექტორიდან ასეთი მუქარის შემცველი გზავნილები მოდიოდეს. ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელში ავიაკომპანიის გვერდზე გამოქვეყნებული პოლიტიკური განცხადება, როგორსაც, სტანდარტულად, კარგი რეპუტაციის მქონე ავიაკომპანიები არ აკეთებენ. მითუმეტეს, ისინი არ ემუქრებიან მგზავრებს და აქცენტს თავიანთ პროდუქტებზე აკეთებენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობს „ჯორჯიან ეარვეისი“, ის არის სტარტეგიული მოთამაშე, მაგრამ სასურველია, მისი თანხვედრა ტურიზმის პოლიტიკასთან.

ტურიზმის და ავიაციის პოლიტიკის ერთად, კოორდინირებული მუშაობის გარეშე კი, არაფერი გამოვა და ჩვენი ტურისტული ბაზარი ვერ განვითარდება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აპირებს შენთან ტურისტული კავშირის გაბმას, პირველ რიგში, გეკითხება - გაქვს თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლა; შემდეგ - ხარ თუ არა უსაფრთხო ქვეყანა და მერე უკვე ინტერესდება შენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტებით. ამ მიმართულებითაც სამუშაო გვაქვს; ახალი ატრაქციების განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ, მითუმეტეს, როცა გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ ნამდვილად ოთხი სეზონის ქვეყანა; მხოლოდ გასტრონომიით ფონს ვერ გავალთ“, - თქვა თამუნა თანდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები