მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაია ფუდი" ხილის ხემსების წარმოებას იწყებს

638f513b303bf
თინათინ ნატმელაძე
07.12.22 09:30
658
"ბაია ფუდი", რომელიც ზესტაფონში მდებარე საწარმოში სხვადასხვა სახეობის ხილის ფაფებს აწარმოებს, უახლოეს მომავალში ხილის გადამუშავებას და მისგან ხემსების დამზადებას დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად გრძელიძემ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ სატესტო ნიმუშები ბაზარზე უკვე გაიტანეს, რასაც საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოყვა.

მისივე ცნობით, ამჟამად საჭირო დანადგარების ჩამოსვლას ელოდებიან, რის შემდეგაც ახალი პროდუქციის წარმოება აქტიურ ფაზაში გადავა.

"ახლა ველოდებით დანადგარებს, გვაქვს ინფორმაცია, რომ 14 რიცხვში უკვე ადგილზე იქნება, რის შემდეგაც უკვე ახალი პროდუქციის წარმოებას დავიწყებთ - ეს იქნება გადამუშავებული ხილისგან დამზადებული ხემსები შოკოლადის ფენებით, რომელიც დაფასოებული იქნება 50-გრამიან შეფუთვებში.
ჩვენი ხილის ფაფები "კარფურის", "გუდვილის", "ფრესკოს" და "უნივერსამის" ქსელებში გვაქვს შეტანილი, ხემსების რეალიზებასაც სწორედ აქ ვგეგმავთ, ერთ-ერთ ქსელში სატესტო ნიმუში უკვე გავგზავნეთ, შემოწმდა მისი ხარისხი და შენახვის ვადები, წარმატებით გაიარა ეს სატესტო რეჟიმი, მისი გემოვნურობისა და სარგებლიანობისგან გამომდინარე, დადებითი უკუკავშირი მიიღო და უკვე მზად ვართ, რომ ამ პროდუქციისთვის წლიურად 30 ტონამდე ხილი გადავამუშავოთ", - აცხადებს ზვიად გრძელიძე.

ინფორმაციისთვის, რომ "ბაია ფუდი’’ დამფუძნებლის პირადი, ეტაპობრივი ინვესტიციით 2012 წელს შეიქმნა, როგორც გრძელიძე BM.GE-სთან ყვება, თავდაპირველად ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდნენ, შემდეგ შპს ჩამოაყალიბეს, ინვესტიციას ეტაპობრივად დებდნენ და ფართოვდებოდნენ, საწარმოს შექმნა და აღჭურვა საერთო ჯამში 200 000 ლარი დაჯდა, ახლახანს კი GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტიც მოიპოვეს, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.

კომპანია ამჟამად 19 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მათი რაოდენობა ზაფხულში იზრდება, ხოლო ახალი პროდუქციის წარმოების დაწყების შემდეგ "ბაია ფუდი" 5 ახალი კადრის დასაქმებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები