„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი. თქვენ გაქვთ შესანიშნავი მთები, რომლებიც ხელს გიწყობენ და ვფიქრობ, რომ ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვთ ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში, რადგან ამ პერიოდში ადამიანებს სხვა ნახევარსფეროში გამგზავრება უწევთ სავარჯიშოდ", - ასე შეაფასა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.
"საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი - ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიება გავაკეთოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში. ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და, ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ამით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.
იოჰან ელიაში ბაკურიანს ეწვია, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო. მან დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ტარდება , რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორი კი - მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.