მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბალანსი ადრე უფრო ირღვეოდა, წელს უკეთესი მდგომარეობაა" - როგორ გადანაწილდება ენგურჰესის დენი?

636cd57df1c1e
მარიამ ვარადაშვილი
13.11.22 18:01
714
შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას განცხადებით, წელს ჰიდროელექტროსადგურისთვის კარგი წელი იყო. მისი პროგნოზით, წლის ბოლოს "ენგურჰესის" გამომუშავება 3 მილიარდ კვტ/სთ-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

“ამ ეტაპზე წყლის დონე შემცირებულია და ჰესი ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობს. მთლიანობაში, საკმაოდ კარგი წელი იყო და ვფიქრობთ, ჩვენი გამომუშავება მაღალი იქნება, 3 მილიარდ კვტ/საათს გადავაჭარბებთ. ეს საშუალოზე უკეთესი მაჩვენებელია. რაც შეეხება აფხაზეთის მოხმარებას, მას "ენგურჰესი" ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს და უნდა შემოიტანონ რუსეთიდან ელექტროენერგია, რასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებენ კიდეც”, - ამბობს ლევან მებონია bm.ge-სთან. 

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსიდანაც დგინდება, რომ ცხრა თვეში ჰესის გამომუშავება ჯამში 3.1 მილიარდ კვტსთ-მდე გაიზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ გასული წლის თებერვალ-მარტში სადგური სრულად გაჩერებული იყო.

1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განაწილების მიზეზს წარმოადგენდა ფაქტი, რომ ენგურჰესის მართვის პულტი და აგრეგატები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა დარჩა. შესაბამისად, აფხაზური მხარე აღნიშნულ ელექტროენერგიას საქართველოსგან უსასყიდლოდ იღებს. ელექტროენერგიის წარმოების 40%-60%-ზე განაწილების შეთანხმების მიუხედავად, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს მოიხმარს. პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია რეგიონის ელექტრომოხმარებაც, რაც ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.

ამდენად, რადგან ეს სიტყვიერი შეთანხმება ბოლო წლებში სულ ირღვეოდა, ლევან მებონიას ვკითხეთ, წელს პროპორცია როგორ იქნება დაცული.

“ჯერჯერობით, ჩვენ ვართ წინ, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში, შესაძლოა, 2-3%-იანი ცდომილება იყოს. ჩვენი შეფასებით, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 55-45%-ზე შეიძლება იყოს ეს მაჩვენებელი. ეს წლის ბოლოს, წყლის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. სხვა დროს ბალანსი უფრო მეტად ირღვეოდა, თუმცა წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს გამოწვეულია მაღალი გამომუშავებით. გაზაფხული-შემოდგომის პერიოდი ძალიან კარგი იყო. ოქტომბერშიც ჰესი ძალიან კარგად მუშაობდა. ამასთან, ოქტმბერში, აფხაზეთში, წინა წელთან შედარებით მოხმარებაც შედარებით ნაკლები იყო. ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 55-58%-ს მივიღებთ. ეს დამოკიდებულია ამინდსა და მოხმარებაზე”, - განმარტავს ლევან მებონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები