მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმი დაიცალა" - როგორ ჩაიარა სეზონმა 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Le meridien-ში?

5f60b0f5a7af2
ინგა მურუსიძე
15.09.20 23:20
1372
პანდემიის დასაწყისში, ბათუმში გახსნილი Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien სეზონს აჯამებს.

როგორც bm.ge-ს სასტუმროს მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, კაწია აბსანძემ უთხრა, ბათუმში, ახლადგახსნილ სასტუმროში სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და პირიქით, მოლოდინსაც გადააჭარბა.

„საკმაოდ კარგად ჩაიარა სეზონმა. ახალმა ბრენდმა ცნობადობა და მაღალი დატვირთულობა ძალიან მალე მოიპოვა. მოქალაქეებს შევთავაზეთ ღონისძიებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ზაფხულის განმავლობაში შაბათ-კვირებზე ფაქტობრივად 100%-ით იყო სასტუმრო დატვირთული. გვყავდნენ ბიზნეს-ვიზიტორებიც. ფასებს რაც შეეხება, არაფერი შეგვიცვლია, ვინარჩუნებდით იმ სტანდარტებს, რაც „მერიოტს“ აქვს. სეზონზე რა ფასიც უნდა გვქონოდა, იმ ფასით შევედით ბაზარზე“, - განაცხადა აბსანძემ.

მისი განმარტებით, მაღალ სეზონზე Le Méridien-ში ნომრის ღირებულება 300 დოლარიდან იწყებოდა და ფასდაკლება საჭირო არ გამხდარა.

„სეზონი არ დასრულებულა, თუმცა აჭარაში არსებული სიტუაციის გამო ყველაფერი შეიცვალა. ოქტომბერშიც ველოდით სტუმრებს, საკმაოდ დიდ ნაკადსაც, თუმცა ეპიდვითარების გამო ხალხი არ არის. სტუმრები ახლაც გვყავს, მაგრამ შედარება არ არის. როგორც კი ითქვა, რომ აჭარა წითელი ზონა გახდა, ქალაქი დაიცალა მთლიანად. ჯავშნები გვქონდა და გაუქმდა“, - ამბობს აბსანძე.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, სასტუმრო ემზადება, რომ სიტუაცია შეიცვლება და სტუმრების მიღებას ისევ შეძლებს.

„რეალობა არის ის, რასაც ვხედავთ, ამიტომ ვემზადებით სეზონისთვის. რეგულაციებს ვიცავთ მაქსიმალურად და სიტუაცია უსაფრთხოა ჩვენთან. ვფიქრობთ, რომ პანიკის საფუძველი არ არის. საახალწლოდაც ვამზადებთ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც ძირითადად ქართველ სტუმრებზეა გათვლილი, მაგრამ იმედი გვაქვს, საზღვრები გაიხსნება და უცხოელი სტუმრებიც დაგვემატებიან“, - აღნიშნა აბსანძემ.

სასტუმროს მენეჯმენტში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად სტუმრების შემცირებისა, ბათუმის Le Méridien-ის თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება.

ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien 4 მარტს გაიხსნა. პროექტის ერთი ნაწილი რეზიდენციებისგან, მეორე ნაწილი კი 105 ნომერზე გათვლილი სასტუმროსგან შედგება.

ინვესტიციის ჯამური ოდენობა 80 მილიონი დოლარია, რომლის ტრანზაქცია თიბისისა და „რედკოს“ თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები