მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილეთების გაძვირებას არ ველოდებით" - მთავრობა ავტოსადგურების რეფორმას იწყებს

647464676adcb
ინგა მურუსიძე
29.05.23 12:46
1521
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ავტოსადგურებთან დაკავშირებით ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა ეკონომიკის სამინისტროში და მიმდინარეობდა მსჯელობა.

მინისტრის თქმით, შიდა გადაყვანები მოექცევა სანებართვო სისტემაში და მოხდება სერტიფიცირება სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან.

„დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და ხარისხიც დაბალია. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, აისახება ტურიზმზეც და ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულად გადაადგილდებიან. ამ შემთხვევაში პროექტის მიხედვით ავტოსადგურების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები იქნება. სამი ტიპის ავტოსადგურები განისაზღვრება: პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის სადგურები, ხოლო ძალიან პატარა მუნიციპალიტეტებში მცირე მოთხოვნებით, მაგრამ კომფორტული და მინიმალური პირობებით, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეფორმის შედეგად ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების. ლევან დავითაშვილის თქმით, სერტიფიცირების გავლა მოუწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და გადამზიდავ საშუალებებსაც.

გარდა ამისა, ბილეთების სისტემაც გახდება ელექტრონული.

ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ 2024 წლის პირველ თებერვლამდე გადამზიდავებმა უნდა დააკმაყოფილონ ელემენტარული პირობები, ხოლო 2025 წლის მაისისთვის მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.

მინისტრის თქმით, რეფორმა საჭიროებს ინვესტიციებს და მთავრობა მზად არის განიხილოს მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიანი დაფინანსების პროგრამა.

“ბილეთებს რაც შეეხება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ფასები გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს. ამ რეფორმის ფარგლებში ბილეთის გაძვირებას არ ველოდებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები