მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსებას არცერთ შემთხვევაში არ ვეთანხმები" - ბესო ნამჩავაძე

6445952a832d4
BM.GE
23.04.23 22:33
1083
არცერთ შემთხვევაში არ ვეთანხმები ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსებას, - ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს და ასახელებს იმ სამ არგუმენტს, რომლებიც მისივე თქმით, იმ ადამიანებს მოჰყავთ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კონცერტების დაფინანსებას მხარს უჭერენ. 

ბესო ნამჩავაძის თქმით, ეს არგუმენტებია:

1. ხელი უნდა შევუწყოთ დამწყებ, ფოლკლოლურ და ა.შ. შემსრულებლებს, არაპოპ მუსიკას;
2. ყველა ვერ მიდის საზღვარგარეთ ან არ აქვთ ბილეთის ფული და რა ქნან, მათაც უნდათ ცნობილ მომღერლებს მოუსმინონ;
3. ტურიზმს გაზრდის.

"საქართველოს მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან კონცერტებზე გამოყოფილი 70 მლნ ლარი ამ არგუმენტებიდან არცერთში არ ჯდება:

1. ფული იხარჯება მსოფლიოში ცნობილ შემსრულებლებზე, რომლებსაც იმდენი ფული აქვთ, რომ იქეთ ეხმარებიან ხოლმე ღარიბ ქვეყნებს;
2. დღეს გაირკვა, რომ ბილეთის ფასი იქნება 100-დან 500 ლარამდე, ანუ ღარიბი ადამიანი ვერ იყიდის;
3. არავის დაუთვლია ეს 70 მლნ რამდენ ტურისტს მოიზიდავს და რამდენს მოვიზიდავდით სხვანაირად.

რომ დაგვეხარჯა, ან საგადასახადო შეღავათები მიგვეცა ფესტივალების ორგანიზატორებისთვის. თან კონცერტები ტარდება აგვისტოში, როდესაც საქართველოში ტურიზმის პიკია. ამ დროს ტურისტული ობიექტები საქართველოში 3 თვეა დატვირთული და ზოგიერთი 9 თვე ზარალზეა.

სინამდვილეში, 70 მლნ იხარჯება: მთავრობის პიარისთვის (თითქოს მაგრად მუშაობს), სამეგობრო-სანათესაოსთვის უფასო ბილეთების "გაჩითვისთვის", უფუნქციოდ მყოფი, ზარალიანი "ბლექსი არენას" ასამუშავებლად და იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და გვემღერება-გვეცეკვება", - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

შეგახსენებთ, კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ბილეთების გაყიდვა ხვალ იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები