მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი რეანიმაციიდან გამოვიყვანეთ" - „ჯეო მულჩი“

62880ac2b1e1b
ალა ისპირიანი
21.05.22 12:20
1275
მულჩის ქართული მწარმოებელი კომპანია „ჯეო მულჩში“ ამბობენ, რომ წარმოება ბოლო ერთი თვეა გაიზარდა. „ბიზნესი რეანიმაციიდან გამოვიყვანეთ“ - ამბობს Bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ მესტვირიშვილი.

"USAID-სგან გრანტი მოვიპოვეთ და ორი თვეა რაც პატარა დანადგარი ჩამოგვივიდა. 180 000 ლარიანი გრანტი იყო და 30% ჩვენი დაფინანსება იყო. მას შემდეგ რაც მერიაში ტენდერებს აღარ აცხადებენ და ფაქტობრივად კონკურენციას გვიწევენ, ადგილობრივ ბაზარზე კერძო სტრუქტურაში ვართ გადასული. სასტუმროებთან და მუნიციპალიტეტებთან გვაქვს ურთიერთობა.

ზოგადად რამდენიმე დანადგარი გვაქვს. როცა ეს საქმე დავიწყეთ, დანადგარები 2015-16 წელში ჩამოვიტანეთ. თითო ახალი დანადგარი 170 000 დოლარი ღირს. საკმაოდ ძვირად ღირებული დანადგარებია, ამიტომ ახლები მაშინ ვერ შევძელით და მეორადები ვიყიდეთ, რომლებმაც 4-5 წელი ძალიან კარგად იმუშავა. ახლა რაღაც დეტალები უფუჭდებათ. პანდემიაც დაემთხვა რადგან რომელიმე ნაწილი, რომ ფუჭდება, დიდი დრო უნდა აშშ-დან ჩამოტანას, ამიტომ ახლა ძირითადად დანადგარების პრობლემა გვაქვს.

პრობლემაა საღებავის ჩამოტანაც, რადგან თუ პანდემიამდე ამერიკიდან მის ჩამოსვლას 45 დღე სჭირდებოდა, ახლა ოთხ თვეზე მეტი დასჭირდა. უზბეკეთთან და აზერბაიჯანთან გვქონდა ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერ ისეთი მაგარი ზურგი არ გვაქვს, თამამად ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას", - აცხადებს მიხეილ მესტვირიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში bm.ge-სთან მიმდინარე წლის თებერვალში ბაზარზე შექმნილ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობდნენ. როგორც „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა მიხეილ მესტვირიშვილმა მაშინ თქვა, კონკურენციას თბილისის მერიის კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“ უწევდათ, რის გამოც წარმოება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. კომპანიის ბრალდებებზე მაშინ მერიამ გვიპასუხა, რომ ნიადაგის მულჩირება „ეკოსერვის ჯგუფი“-ის წესდების ნაწილი იყო და მათ მიერ მულჩის წარმოების დაწყება კერძო ბიზნესისთვის კონკურენციის გაწევის აუცილებლობით არ იყო განპირობებული.

ცნობისთვის, მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები