მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესმა ორი "ლოქდაუნი" უკვე გაიარა, მესამეს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს" - კახა ხაზარაძე

60f9b32c8bd01
თამთა ჯიჯავაძე
22.07.21 23:50
1013
ბიზნესმა ორი "ლოქდაუნი" უკვე გაიარა, მესამე "ლოქდაუნს" ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს, - ამის შესახებ “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, გამოსავალი, რომ ეკონომიკა გადარჩეს და არ ჩაიკეტოს, არის ვაქცინაცია.

„1 ივლისიდან ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა არსებობს, ვგულისხმობ „სინოფარმს“ და „სინოვაკს“, მაგრამ აცრის სურვილი მოსახლეობაში დიდად არ არის. ანალოგიურ სიტუაცია იყო საფრანგეთში, სადაც შემოიღეს სპეციალური შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც დახურულ სივრცეებში - რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ცენტრებში - არ უშვებდნენ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ აცრილები, ეს იქნებოდა დამატებითი მოტივაცია იმ ადამიანების და სწრაფი ვაქცინაციის. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების იმ რიცხვს, რომელიც მზარდია, ვერაფერი გააჩერებს და უახლოეს ერთ თვეში გარდაუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მის კომპანიაში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა ნახევარზე მეტი უკვე აცრილია. „გრძელდება პროცესი, ვერ გეტყვით რომ თანამშრომლების 100%-ს აქვს სურვილი ვაქცინაციის, მაგრამ სხვადასხვა მოტივაციის ფორმებს განვიხილავთ, რათა, რაც შეიძლება მეტი იყოს აცრილი“, - დასძინა მან.

რაც შეეხება ვაქცინაციის სავალდებულოობას, “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამას ბევრი ქვეყანა მიმართავს.

„არის ქვეყნები, რომლებმაც სავალდებულო გახადა ვაქცინაცია მედპერსონალში. ასევე იმ დასაქმებულებისთვის, ვისაც ხანდაზმულებთან აქვთ შეხება. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად უდგება ამ საკითხს. ვიცით, რომ როდესაც ადამიანს შეუზღუდავ დახურულ სივრცეში მოხვედრას, როგორიც არის სავაჭრო ცენტრები, კვების ობიექტები, კლუბები, შეიძლება აცრა არ უნდოდეს, მაგრამ აიცრას, ან უნდა გაიკეთოს PCR-ტესტი, რათა დაცული იყოს სხვა ადამიანებიც, რომლებიც დახურულ სივრცეში იქნებიან“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის, გიორგი კაკაურიძისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ ეკონომიკის შეზღუდვაზე არც კი უნდა იფიქრონ. „ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და არა ეკონომიკის გაჩერება. მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2261 შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო რამდენიმე დღეა, დღიური მაჩვენებელი 2200-ს სცდება. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, 22 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 383 339 აცრა. სრულად აცრილია 135 291 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები არსებობს, 24 ივლისს კი ქვეყანა აშშ-სგან „ფაიზერის“ ნახევარ მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები