მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრენდული მედიკამენტების გენერიკულით ჩანაცვლება ნაადრევია...ეს სიტუაციას გააუარესებს"

622dbf4d6d54a
მარიამ იზორია
13.03.22 14:37
1674
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცახდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აპრილიდან მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი და ექიმი კონკრეტული ბრენდის მითითებას ვერ შეძლებს.

როგორც ირაკლი მარგველაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ბრენდული მედიკამენტების გენერიკულით ჩანაცვლება ამ რეალობაში ნაადრევი გადაწყვეტილებაა და იქამდე, სანამ ეს რეგულაცია ამოქმედდება, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უარეს შედგებს გამოიღებს.

„უპირველესად, გენერიკული მედიკამენტებისთვის მინიმალური ხარისხის სტანდარტი უნდა არსებობდეს, პაციენტს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ყველა გენერიკი ხარისხით ერთმანეთის შესაბამისია - ეს სტანდარტი საქართველოში არ გვაქვს. ამასთან, გენერიკის უპირატესობა მის ფასში მდგომარეობს, მაგრამ საქართველოში ბევრი ასეთი პრეპარატი ბრენდულზე ძვირია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. პრობლემაა ისიც, თუ ვინ შეურჩევს აფთიაქში მისულ მომხმარებელს გენერიკს, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა? ზოგიერთ პრეპარატს ასამდე გენერიკი აქვს, პაციენტის ჯანმრთელობაზე ექიმია პასუხისმგებელი, შეიძლება თუ არა ფარმაცევტმა შეურჩიოს მას გენერიკი?

გენერიკის გამოყენებამდე თუ არ მოგვარდა არსებული პრობლემები, მხოლოდ ამის შემოღება შედეგს ვერ მოგვცემს. კონკურენციის დასკვნა გვეუბნება, რომ მოსაგვარებელია, ხარისხის კონტროლისა და მედიკამენტების რეგისტრაციის სისტემა, ამისთვის ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა სანამ ახალ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჯერ ამ ნაბიჯების შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოოდ, გენერიკების შემოღება ნაადრევია და ის არამარტო პოზიტიურ შედეგებს ვერ მოგვცემს, არამედ სიტუაციას გააუარესებს“ - განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები