მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანეთის ბაზრისგან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს" - წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისი"

642185247fcc3
ნანუკა ნარიმანიძე
28.03.23 21:22
630
სტატიაში საუბარია:
ქართულმა 12-მა კომპანიამ ლონდონში, საკვებისა და სასმლის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისი", რომლის დამფუძნებელმა მარიამ ქოიავამ გამოფენაზე ვრცლად გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„მომზადების პროცესი, გამოფენა, შეხმიანება და მოლაპარაკებების დასრულება 2-3 თვე გრძელდება ხოლმე, მაგრამ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ბრიტანეთის ბაზრისგან, შაქრის დაბალი შემცველობის, ნატურალური პროდუქციის მიმართ განვითარებულ ბაზრებზე, განსაკუთრებით ბრიტანეთში, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი და ყოველწლიურად მზარდია, „მაისი“ კი სწორედ ამ კატეგორიის პროდუქციას წარმოადგენს“, - განაცხადა დამფუძნებელმა.

გამოფენაზე საუბრისას, მარიამ ქოიავამ აღნიშნა, რომ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე დივერსიფიკაციისთვის საერთაშორისო სერტიფიკატი და ბაზარზე თანმიმდევრული არსებობა სჭირდებათ.

„გაგვიმართლა, ამ გამოფენისთვის სერტიფიცირების პროცესი დასრულებული გვქონდა, რადგან ეს სანდოობის მოპოვების მხრივ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მეორე მთავარი საკითხი კი - ბაზარზე თანმიმდევრული არსებობაა, წელს თუ ერთხელ ვიყავით გამოფენაზე, არ ნიშნავს, რომ კომპანია მხოლოდ აქედან უნდა დაელოდოს შედეგს, ქართული კომპანიები მუდმივად აქტიურად უნდა ერთვებოდნენ გამოფენებში და ოპერირებდნენ ბაზარზე“, - განმარტა  მარიამ ქოიავამ.

დამფუძნებელმა კომპანიის წარმადობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე, კომპანია წარმადობის 30%-ზე არის ასული.

„ჩვენი წარმადობა წლიურად 2.5 მილიონი ბოთლია, რომელიც გაყიდვების პროგნოზიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ჩვენი პროდუქტი ნატურალური და მალფუჭებადია. კომპანიის გათვლაა პირველი ორი წელი პროდუქცია ბაზარზე შესვლის სისწრაფიდან გამომდინარე ვაწარმოოთ“, - განმარტა მან.

ამასთან, ნედლეულზე საუბრისას, მარიამ ქოიავა ამბობს, რომ ეს კომპანიისთვის საკმაოდ რთული საკითხია.

„ჩვენი ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მკაცრ კონტროლს მოითხოვს ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ნედლეულის წარმომავლობაზე, აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე ისეთი ფერმერების ნახვა, რომლებიც საჭირო ხარისხის ნედლეულს მოგვაწოდებდნენ, ძალიან რთული იყო. 2023 წელს ამ კუთხით სირთულე არ გვექნება, ვინაიდან დიდი რაოდენობით პარტნიორი ფერმერები შევიძინეთ, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციას გვაწვდიან“, - დასძინა  მარიამ ქოიავამ.

კომპანიის დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„წარმადობის კუთხით, ჩვენი საწარმო თავიდანვე გაფართოების პერსპექტივაზე იყო გათვლილი, შესაბამისად, ის ნიშა, რასაც ჩვენი წვენი წარმოადგენს, უცხოურ ბაზარზე თავისუფლად მოაწონებს თავს მომხმარებელს, ჩვენი სურვილია მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე გავზარდოთ ექსპორტის მოცულობები, ასევე, გვსურს გავაფართოოთ საწარმო ხაზების მიმართულება და დავამატოთ სხვა საინტერესო პროდუქტი, რომელიც პასუხისმგებლობიანი ბრენდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დაეთმობა“, - თქვა მან.

ცნობისთვის, „მაისი“ ბაზარზე თითქმის ერთი წელია გამოჩნდა, ის ნატახტარში 3 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანია 5 სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს. კომპანია ნედლეულის შესყიდვის მიზნით 15 ფერმერთან თანამშრომლობს.

კომპანიებმა International Food & Drink Expo-ზე მონაწილეობა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები