მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონის შესრულების კუთხით საქართველოს რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს" - გიორგი თაბუაშვილი

6398a74b29c52
თინათინ ნატმელაძე
13.12.22 20:00
638
ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს წარმომადგენლის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონის შესრულების კუთხით საქართველოს რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში’’ განაცხადა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ 2016 წელს მიღებულმა კანონმა დადებითად იმუშავა.

"რეფორმამ საკმაოდ კარგად დაიწყო განვითარება, დღეს რეგიონში ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგი გვაქვს და ჩვენი მეზობელი ქვეყნები დაინტერესებული არიან ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ და ჩვენი ექსპერტებისგან რჩევები მიიღონ. კომპანიებისთვის ეს ერთი შეხედვით რუტინული საქმიანობაა. აღრიცხვა, ანგარიშგება და შემდეგ აუდიტირება ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, ერთი იმიტომ, რომ ამას კანონი ავალდებულებთ და მეორე იმიტომ, რომ ამის ღირებულებები ნამდვილად დაინახეს. ეს არის იგივე ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და საზოგადოებასთან, იმიტომ რომ საზოგადოებას შენ აძლევ უამრავ ინფორმაციას იმაზე, თუ რას აკეთებ, რა შედეგები აქვს ამ საქმიანობას და ხარ ბევრად უფრო ღია და გამჭვირვალე, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვისაც და ინვესტიციების მოზიდვისთვისაც ხელშემწყობია,’’ - აცხადებს გიორგი თაბუაშვილი.

აღნიშნულ მოსაზრებას, მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი ირინა გორდელაძეც ეთანხმება და ამბობს, რომ ანგარიშგების დახვეწის მიმართულებით მუშაობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

"BARTA-ს კონკურსში აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა, ოთხი წელია უკვე მიმდინარეობს და ნელ-ნელა ტემპს იკრებს. ხოლო, რაც შეეხება გამჭვირვალობის საკითხს, 2016 წელს შემოვიდა საქართველოში და არის ახალი, 2016 წლამდე ფართო საზოგადოებისთვის სრულიად გაუმჭვირვალე იყო კორპორაციული სექტორების საქმიანობა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის კანონის მიღების სრული რევოლუცია მოხდა - შეიქმნა portal.ge, პლატფორმა, რომელზეც უკვე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალედ წარმოდგენილია ანგარიშგებები, შესაბამისად ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ანგარიშგება უფრო აღქმადი და საინტერესო გავხადოთ,როგორც პოტენციური ინვესტორების, ისე პოტენციური მომწოდებლებისთვის", - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

რაც შეეხებათ ბიზნესის წარმომადგენლების აღნიშნულ საკითხთან დამოკიდებულებას, გიორგი თაბუაშვილის ცნობით, ანგარიშგებების და ბუღალტრული აღრიცხვების გამჭვირვალედ წარმოდგენა მათ ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, რაც რეგიონში საქართველოს საუკეთესო შედეგს აძლევს.

გაცნობებთ, რომ საუკეთესო წლიური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის, BARTA 2022-ის კონკურსის ფინალისტების დაჯილდოება საქართველოში ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება. BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები