ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, Check in Georgia წარმატებული პროექტი იყო, თუმცა ახლა ქვეყანა ტურისტულად ახალ ეტაპზე გადადის და მოთხოვნები იზრდება. ასე უპასუხა მან BMG-ს კითხვას, თუ რით განსხვავდება პროგრამა Starring Georgia, Check in Georgia-სგან. თუმცა შეკითხვის მიუხედავად, ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენი დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან ვარსკვლავების ჩამოსაყვანად იმ 70 მილიონიდან, რომელიც აღნიშნული პროექტისთვის არის გათვალისწინებული.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა (Starring Georgia) და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა, მაგალითად Check in Georgia, მაგრამ ქვეყანა ტურისტულადაც და საერთაშორისო ტურიზმის კუთხით სხვა ეტაპზე გადადის, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაც იზრდება. გეგმაშია, რომ "ბლექ სი არენას" პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ და მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული საშემსრულებლო გუნდები მოვიწვიოთ, რომელსაც შეიძლება თამამად ეწოდონ ვარსკვლავები. ისინი მოიზიდავენ ვიზიტორებს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ რეგიონიდან და შორეული ადგილებიდანაც.
ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეფექტი იქნება ეკონომიკაზე, იქნება კარგი სტიმული ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ეს უნდა იყოს ძალიან პოზიტიური საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. ეს არ არის მოკლევადიანი, მხოლოდ წელს დაგეგმილი ღონისძიებები. თუ ჩვენ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის, ძალიან ცნობილი შემსრულებლები რეგულარულად გვყავდეს ქვეყანაში, ასეთი კამპანიები რეგულარულად უნდა ვაკეთოთ. ზუსტად ეს არის Starring Georgia-ს აზრი და იდეა - წელს ვიწყებთ, გვეყოლება მაღალი დონის შემსრულებლები, მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლებით გაგრძელდება და შემდეგ წლებშიც რეგულარულად იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, Starring Georgia-ს კამპანიის ფარგლებში, წელს Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა, ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდას და ქვეყნის იმიჯის ამაღლებას.
დაგეგმილი კონცერტების მეშვეობით შემოსავლების ზრდას ელოდება პრემიერიც. როგორც მან გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანა შემოსავლის სახით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.