მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს"

63ab5a99d9f9b
BM.GE
28.12.22 00:44
720
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია აღინიშნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა 150-200 ავადმყოფს არ აღემატება, მაინც საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრება.

“ ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-ის 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა COVID-ის 184 000 ახალი შემთხვევა და COVID-ისგან გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია COVID-ის სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა.

საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზეც ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში.

ამის მიუხედავად მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას.

მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას.

დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი”,- წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები