ჩვენ დავბრუნდით AMAZON-ზე, საკმაოდ გვაქვს გაყიდვები, - ამის შესახებ Ginventor-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა. მისი თქმით, AMAZON-ის დახმარებით, ქართული ბრენდის USB კაბელები ამერიკაშიც იყიდება.
„ახლა გვჭირდება, სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა, რათა უფრო კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ჩვენი პროდუქცია უფრო მეტი გავყიდოთ. ამერიკაში, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ დიდი კონკურენციაა“, - აღნიშნა ალექსანდრე ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი აქცენტს აკეთებენ ხარისხზე, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანად ბრენდის იმიჯის შენებას.
„ჩვენ ხომ მომავალში სხვა პროდუქტების დამატებას ვაპირებთ, ანუ ყველაფერი არის ბრენდი და იმიჯი. ჩვენ მოკლევადიან გათვლას არ ვაკეთებთ და ვაშენებთ ბრენდს. ვფქირობთ, რომ ეს არის სწორი გზა. ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და არ ფუჭდება, თუ გაფუჭდა, უპირობოდ გიცვლით. იდეა არის ის, რომ ერთხელ იხდი 20 ლარს USB კაბელში და ის აღარ გიფუჭდება. მინიმუმ ერთი წელი მაინც მშვიდად ხარ, რომ არ გაფუჭდება, გარანტიის მიხედვით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, Ginventor-ი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით სამი წელია ოპერირებს და მომხმარებელს 5 000-მდე დასახელების წვრილ ტექნიკას თუ აქსესუარებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია მომავალი წლიდან USB კაბელების წარმოებასაც იწყებს საქართველოში.