მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანი ადგილობრივი ბაზრის ქართული პროდუქტით გაჯერებაა" – „ბებოს ჩირის“ გეგმები

6411ca13dfb43
BM.GE
15.03.23 20:00
872
ჩირის, ცუკატებისა და კონსერვების ქართული საწარმო „ბებოს ჩირი“ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. მისმა დამფუძნებელმა ქეთევან ჯინიაშვილმა BM.GE-სთან თქვა, რომ ამ დრომდე კომპანია 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

მისი განმარტებით, ქართული ბაზარი მზად არის, უცხოური წარმოების იმპორტული ჩირეულის ნაცვლად მომხმარებლებმა ადგილობრივი წარმოების პროდუქტი შეიძინონ.

„ბებოს ჩირი“ 2019 წლიდან არსებობს. ჩვენი მთავარი მიმართულება ჩირის ფართო ასორტიმენტია, თუმცა სხვა პროდუქტებიც დავამატეთ. გვაქვს ჩირის 40-მდე, ტყლაპის 10-მდე, ცუკატების 20-მდე და საკონსერვო ნაწარმის 50-მდე სახეობა. რაც მთავარია, წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ ქართულ ნედლეულს და ყველაფერს ხელოვნური და ქიმიური მავნე დანამატების გარეშე ვამზადებთ.

საბურთალოზე, არჩილ ცაგარელის 34/36 ნომერში გვაქვს ბრენდული მაღაზია, სადაც უკვე ერთი წელია, ჩვენი სრული ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი. ამას გარდა, ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა მაღაზიებსა და აგრო-ბაზრებშიც იყიდება, თუმცა არა ბრენდირებული სახით, არამედ ასაწონი ფორმით. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, „ბებოს ჩირი“ შეფუთვით გავყიდოთ, თუმცა ეს კომპანიისთვის დიდი ხარჯია და გვირჩევნია, ჯერ მომხმარებლის ნდობა მოვიპოვოთ და შემდეგ განვათავსოთ პროდუქტი ქსელურ მარკეტებში.

ჩვენი პროდუქტი ექსპორტზეც გაგვიგზავნია, მაგალითად, აშშ-ში, ყატარში, თუმცა არა უშუალოდ ჩვენი ბრენდის სახელით, არამედ მესამე პირის დახმარებით, რომელსაც ქართული ნაწარმი შეკვეთების სახით გააქვს საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს რომ ექსპორტის მიმართულება გავზარდოთ, მაგრამ ჩემი მიზანი თავიდანვე ადგილობრივი ბაზრის ქართული პროდუქტით გაჯერება იყო. ვფიქრობ, ჩირზე საქართველოში მოთხოვნა არის, მოსახლეობას მსყიდველობითი უნარიც აქვს. ბაზარი საშუალებას გაძლევს, ხარისხიანი პროდუქტის რეალიზაცია მოახდინო და მოგებაზეც გახვიდე. ამიტომ ვგეგმავთ, რომ ფოკუსი ქართველ მომხმარებლებზე გავაკეთოთ“, - ამბობს ქეთევან ჯინიაშვილი.

ცნობისთვის, „ბებოს ჩირის“ პროდუქციის ფასები 15 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული მარწყვის ჩირი კი კილოგრამი 120 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის თვიური წარმადობა 10 ტონამდე პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები