მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი რესურსით ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ" - ფიტნეს-კლუბები მთავრობას მიმართავენ

600f027a9ec63
თამთა ჯიჯავაძე
25.01.21 23:45
1095

ფიტნეს-კლუბები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ისინი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ სფეროს წარმოადგენენ. „უკვე მეცხრე თვე დაიწყო მას შემდეგ, რაც გაჩერებულები ვართ, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიები დარჩენილები არიან შემოსავლების გარეშე - „ოქტოპუსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ასათიანმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.



მისი თქმით, ფიტნეს-კლუბებს აღარ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ ვალდებულებები გაისტუმრონ.



„მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის ფიტნეს-კლუბების დაარსება და შემდეგ აწყობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით ამ დარგში ათობით მილიონი ლარის ინვესტიციას. ვავითარებდით დარგს, ჩვენი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში შეგვქონდა და რეალურად პოპულარიზაციას ვუწევდით ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუმცა, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ როცა არ უნდა მოხდეს გახსნის თარიღზე ჩამოყალიბება, უბრალოდ ვერ მივალთ იქამდე, რომ შევძლოთ მხოლოდ ჩვენი რესურსით ფუნქციონირების გაგრძელება“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ფიტნეს-კლუბების ნაწილი უკვე დაიკეტა, მეორე ნაწილი კი, რომელთაც რაღაც დანაზოგი ჰქონდა შემონახული, უბრალოდ დღევანდელ დღემდე მოვიდა, თუმცა, მომავალში მხოლოდ საკუთარი ძალებით ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

„რეალურად ჩვენ თითქმის ერთი წელია ვცხოვრობთ პანდემიასთან ერთად. პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ვიცავდით წესებს, და მაქსიმალურად ვცდილობდით მოწესრიგებულად შეგვესრულებინა ყველაფერი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეგულაციების დაცვით ფიტნეს-კლუბები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი. შეზღუდული გვქონდა კლუბში ადამიანების რაოდენობა, გადაადგილებული გვქონდა ინვენტარი, აღმართული გვქონდა დამცავი ბარიერები, დალუქული გვქონდა გასახდელები და ა.შ.

თუმცა, დღეს მაინც რატომღაც დაკეტილები ვართ. სულ ხდება პარალელის გავლება დასავლეთთან, რომ იქაც ლოქდაუნია. ამერიკის ძირითად შტატებში ყველგან ღიაა ფიტნეს-კლუბები. ევროპის ნაწილში განსხვავდება სიტუაცია. ლოკდაუნის კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება ინგლისშია, თუმცა, იქ დაყოფილი აქვთ ლოქდაუნი ოთხ საფეხურად და ბოლო ეტაპზე კეტავენ ხოლმე ყოველთვის ფიტნეს-კლუბებს. ჩვენთან პირიქითაა - პირველი იკეტება ფიტნეს-კლუბები და ბოლოს ხდება მათი გახსნა. მე ვერ ვხედავ რეალურ მიზეზს“, - განაცხადა „ოქტოპუსის“ ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობას ფიტნეს-კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გეგმები ჯერჯერობით არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები