მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი წარმოება იმპორტს სრულად ჩაანაცვლებს" - NOVA ახალი პროდუქტის XPS-ის წარმოებას იწყებს

64611801b6b18
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 21:38
5659
სტატიაში საუბარია:
სააგენტოს „აწარმოე საქართველოსა“ და „თიბისი“ ბანკის ხელშეწყობით სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ საკუთარ პორტფელში სამი ახალი საწარმოო მიმართულება დაამატა: XPS, ანუ ექსტრუდირებული პოლისტიროლი, ნოვას წებო-ცემენტები, ბეტეკის წებო-ცემენტები და შავი მეტალი. ამის შესახებ „ნოვას“ დამფუძნებელმა, ზვიად აბულაძემ „Forbes კვირაში“ ისაუბრა.

ზვიად აბულაძის თქმით, კომპანიამ ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რაც სრულად „თიბისი“ ბანკმა დააფინანსა. 20 მილიონი ლარის ნაწილში კი, სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სამწლიანი პროცენტი დასუბსიდირდა.

„ნოვა დღეისთვის არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში პირველი საწარმოა, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს.

ჩვენს საწარმოში ე.წ. XPS-ის, ანუ პოლიესტერის ფხვნილის ექსტრუდირებული დამუშავება მოხდება, რომელიც შემდგომ როგორც იატაკის, ასევე გარე ფასადის შესაფუთად გამოიყენება და მსოფლიო გლობალური დათბობის პირობებში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამ დრომდე ეს პროდუქტი საქართველოში და მთლიანად კავკასიაში სრულად იმპორტირებული იყო, ივნისის ბოლოდან კი, ჩვენ მის რეგულარულ წარმოებას დავიწყებთ. ის კუბურ მეტრში 22 კგ-დან 45 კგ-მდე სიმკვრივის მქონე იქნება.

რომ არა "თიბისი" და "აწარმოე საქართველო", საქართველოში ბევრი წარმოება ვერ შედგებოდა. დაახლოებით 1.5-2 წელი გჭირდება იმისთვის, რომ ასეთი რთული წარმოება ბოლომდე გავმართოთ და ასევე, ძალიან დიდი ფულადი რესურსია საჭირო“, - აღნიშნა „ნოვას" დამფუძნებელმა.

„ნოვას“ საწარმოო ინფრასტრუქტურაში 60-70 მილიონი ლარის ღირებულების საწარმოო ხაზებია გაერთიანებული. საწარმოს ყოველთვიური წარმადობა კი 250 ტონას შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ წარმადობის რაოდენობრივი მაჩვენებლები 50%-ით გაზარდა.

„ჩვენი საწარმო ყოველწლიურად 120 000 კუბის წარმოება შეუძლია, რაც საქართველოს მოხმარებისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის გაბარიტული საქონელი და არ მგონია, რომ ჩვენი გამართულად მუშაობის შემთხვევაში იგივე ტიპის საქონლის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მოხდეს. ჩვენი წარმოება იმპორტს მთლიანად ჩაანაცვლებს. საბოლოო პროდუქციის სახით ჩვენი ერთი საწარმო 40-მდე სახეობის XPS-ს უშვებს, მეორე - 8 სახეობის წებო-ცემენტს, საიდანაც 4 „ნოვას“, ხოლო 4 „ბეტეკის“ სახელით გამოდის. ხოლო მესამე, ბათუმში არსებულ საწარმოში დაახლოებით 150-მდე დასახელების პროდუქცია იწარმოება, მილების დიამეტრებიდან დაწყებული, კვადრატული მილების დიამეტრებით დამთავრებული“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

როგორც „ნოვას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაში 99% ქართული ქვიშა და ცემენტია, მინარევებისთვის გერმანული ქიმია კი მხოლოდ 1%-ია. გარდა ამისა, კომპანია წარმოებული პროდუქციის ხარისხის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს.

„სინჯები უკვე თურქეთშია გაგზავნილი, რადგან „ბეტეკის“ წარმოება თურქეთშია. დაახლოებით 1-1.5 თვეში ყველა სახის პროდუქციაზე ლაბორატორიული დასკვნა გვექნება, რათა ბაზარს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ“, - აღნიშნა აბულაძემ.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, უახლოეს მომავალში კომპანიის მიზანი, საექსპორტო მიმართულების მეტად განვითარებაა.

ცნობისთვის: კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

2020 წლიდან „ნოვამ“ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრებს საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულში და ხაშურში ფლობს. ჯამურად კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები