მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცოტა ქვეყანას ესმის, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის შედეგები ისე, როგორც საქართველოს"

622a6f5332f09
სალომე მეცხვარიშვილი
11.03.22 01:31
3701
ძალიან ცოტა ქვეყანას ესმის, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა რამდენიმე ფაქტის შესახებ მოიყვანა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, რამდენადაც საქართველოს პრემიერმა უარი თქვა, შეერთებოდა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერმა დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არაეფქტური უწოდა და ა.შ. “მთავარი არხის” წარმომადგენელი დაინტერესდა, არის თუ არა ნეგატიური სიგნალი საქართველოს მხრიდან მისი “სიჩუმე” უკრაინასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კითხვაზე კი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უპასუხა:

“ძალიან ცოტა ქვეყანას ესმის, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის შეჭრა. ბევრი ქართველი დღესაც ინახავს ამ მკაფიო და მძიმე მოგონებას.

არსებობს ბევრი ქართველი ხელისუფლებასა და საზოგადოებაში, რომლებიც სოლიდარულები არიან უკრაინელების მიმართ…

ამასთან, ბოლო კვირებში საერთაშორისო საზოგადოების გასაოცარი ერთობა ვიხილეთ. ვფიქრობ, ამის საუკეთესო მაგალითია, რაც გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვნახეთ, როცა 141 ქვეყნის წარმომადგენელი გაერთიანდა, რათა დაეგმო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ”,– განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ დღეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ერთნაირად საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები