მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცხოველების ავეჯის წარმოებაზე გადავედით“ - სად იყიდება „ვუდმასტერის“ ავეჯი?

63c1559c7cba2
ლიკა მეგუთნიშვილი
15.01.23 14:45
824
MADE IN GEORGIA - ამ წარწერით ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების ავეჯსა და აქსესუარებს უკვე ხშირად შეხვდებით. საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ისეთი კომპანიები გაჩნდნენ, რომლებმაც ამ პროდუქციის წარმოებით მსოფლიოს ბაზრებზე თავი წარმატებით დაიმკვიდრეს.

ერთ-ერთი ასეთია კომპანია „ვუდმასტერი“. ქართული ბრენდი, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად საყოფაცხოვრებო ავეჯს აწარმოებდა, თუმცა 2021 წელს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროფილი სრულად შეცვალა და ცხოველებისა და ფრინველების ავეჯის წარმოება დაიწყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, კახა ჯვარშეიშვილი BMG-სთან აცხადებს, „ვუდმასტერის“ ავეჯი ამჟამად ექსპორტზე ევროპის 50 ქვეყანაში გადის და პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.

„დავდეთ ხელშეკრულება ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ცხოველების ავეჯის რითეილით არის დაკავებული. ეს კომპანია ბელგიაშია. თავდაპირველად ჩვენი პროდუქცია სწორედ იქ ჩადის და შემდეგ ევროპის 50 ქვეყანაში ნაწილდება. პირველი სატესტო შეკვეთა 2021 წელსვე შევასრულეთ და მას შემდეგ ექსპორტს სულ უფრო ვაძლიერებთ“, - აცხადებს კახა ჯვარშეიშვილი.

მისივე თქმით, კომპანიას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და უახლოეს მომავალში როგორც საექსპორტო მაჩვენებლის ზრდა, ისე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაც იგეგმება.

„თავდაპირველად ხის ავეჯის წარმოება დავიწყეთ, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ასევე ვაპირებთ ხელოვნური ბეწვის პროდუქციის წარმოებასაც, რაზეც ევროპის ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამასთანავე, მუდმივად ვაფართოებთ მომხმარებლის რაოდენობას და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებთ“, - აღნიშნა „ვუდმასტერის“ დამფუძნებელმა, კახა ჯვარშეიშვილმა.

როგორც „ვუდმასტერის“ დამფუძნებელი ამბობს, ცხოველებისა და ფრინველების ავეჯის ქართული ნაწარმი ევროპის ბაზარზე არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ფასითაც საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რაც უპირველესად, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის (DCFTA) დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ვუდმასტერის“ მიერ წარმოებული ცხოველებისა და ფრინველების ავეჯი სრულად ექსპორტზე გადის. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები