მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადარი" - სოციალური საწარმო, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და შემეცნებით სათამაშოებს ქმნის

63f4d690cae88
BM.GE
21.02.23 18:45
912
2018 წელს შეიქმნა სოციალური საწარმო "დადარი“, რომლის მისია ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად უსაფრთხო და შემეცნებითი სათამაშოების შექმნა იყო. იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ,,დადარის“ გუნდის მიერ დამზადებული სათამაშოებით უამრავი ბავშვი თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით.

"დადარის“ მისია აქ არ მთავრდება — საწარმო ჯერ საქმიანობას შეასწავლის, შემდგომ კი ასაქმებს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს; ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვასა და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.

"დადარის“ სათამაშოებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რის გამოც წარმოების გაფართოებასა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობენ. საწარმოს დიდი გეგმები აქვს ექსპორტის მიმართულებითაც. "დადარი“ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ბენეფიციარია. სააგენტოს ინიციატივით, ცოტა ხნის წინ მათი პროდუქცია გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების უმსხვილეს გამოფენაზე გამოჩნდა. 5 დღიანმა გამოფენამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა და ამ ეტაპზე "დადარის“ სათამაშოებით 40-მდე უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

„გამოფენაზე "დადარის“ ნამუშევრებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ჩვენი სათამაშოების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ დიზაინს აღიარებდნენ სათამაშოების დარგის წამყვანი კომპანიები“ - არჩილ გობეჯიშვილი, „დადარის“ დამფუძნებელი.

კომპანიის 2023 წლის გეგმებში თანამშრომელთა გადამზადება და საწარმოს ტექნიკური აღჭურვა პირველ ადგილზეა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წელს საწარმოს შესაძლებლობების 80%-იან ზრდას ვარაუდობენ.

სოციალური საწარმო „დადარის“ დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, სწორად შეარჩიონ ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონთ, ენდონ საკუთარ თავს და გულწრფელად, პატიოსნად შეუდგნენ საქმის კეთებას.
 NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები