მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ იციან, რა მიმართულებით წავიდნენ" - ასათაშვილი კურორტების განვითარების სააგენტოზე

642457cf391a1
ანუკა ჯოხაძე
30.03.23 10:21
917
მთავრობა 2023 წელს მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს, რისთვისაც 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. ხედვის წარდგენას მთავრობის წევრები უკვე რამდენიმე თვეა აანონსებენ, თუმცა საჯარო პრეზენტაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა.

მთავრობის გეგმა ორშაბათს ბიზნესს დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნილმა კურორტების განვითარების სააგენტომ წარუდგინა, თუმცა პრეზენტაციამ მედიის გარეშე ჩაიარა.

რა გეგმა აქვს მთავრობას კურორტების განვითარების თვალსაზრისით და რომელ კურორტებზე გაკეთდება აქცენტი - ეს კითხვები BM.GE-იმ პრეზენტაციაზე მყოფ ბიზნესის წარმომადგენლებს დაუსვა.

როგორც "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, გეგმა ამბიციურია და უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მისი გეგმაზომიერი შესრულება ბუნდოვანია.

“ახლად შექმნილ სააგენტოს იმ პრეზენტაციიდან გამომდინარე, რაც გააკეთეს, ძალიან დიდი გეგმები აქვს. თუმცა აქაც იგივე პრობლემა გვაქვს, რაც სხვა პროექტების შემთხვევაში. რამდენად მიყვებიან ამ გეგმებს და რამდენად იქნება ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი იმპლემენტაციის გეგმა. საუბარია 300-ზე მეტი კურორტის განვითარებაზე.

ეს არის მრავალწლიანი პროცესი და მე არ მგონია, რომ ეს იქნება მდგრადი ორგანიზაცია, რომელიც მიყვება ამას. ძალიან მინდა რომ იყოს, მაგრამ პრაქტიკა ამას არ გვაჩვენებს", - ამბობს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი.

როგორც ასათაშვილი ამბობს, მთავრობა აქცენტს ისევ ბალნეოლოგიურ კურორტზე აკეთებს, რომლის განვითარების პერსპექტივა თანამედროვე რეალობაში არც თუ ისე დიდია.

“უამრავი განვითარების კონცეფცია გაკეთებულა სხვადასხვა კურორტზე და მერე ეს კონცეფციები გადაწერილა, გადმოწერილა და ყველა ერთად სხვადასხვა თაროებზე დევს. ძალიან ცუდი იქნება თუ ანალოგიურ გზას გააგრძელებენ. პირველი ეტაპისთვის აპირებენ ბალნეოლოგიური რესურსების განვითარებას.

ეს არის წყალტუბო და მისი შემოგარენი. რა იქნება მეორე და მესამე ეტაპი რთულია ამაზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თვითონ სააგენტოშიც არ იციან რა მიმართულებით წავიდნენ", - აცხადებს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები