სექტემბრიდან მესტიაში თუ მოხვდებით, 14-ნომრიანი ახალი სასტუმრო „ჯაფრაანი“ გიმასპინძლებთ. როგორც სასტუმროს მფლობელი თამარ ჯაფარიძე "საქმიან დილაში" ყვება, სასტუმროს იდეა სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული გამოცდილებით გაჩნდა. მისივე თქმით, რომ არა კოვიდი, რამდენიმეთვიანი ლოდინი საჭირო აღარ იქნებოდა და სასტუმრო ზაფხულის სეზონს უკვე სრულ მზადყოფნაში დახვდებოდა.
თამარ ჯაფარიძის თქმითვე, ბიზნესიდეის გაჩენისთანავე სვანური სახლი შეიძინეს, რომელსაც შესაბამისი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და გააფართოვეს ისე, რომ სასტუმროს ავთენტური სვანური იერი შენარჩუნებული აქვს.
„სასტუმროს სექტემბერში გავხსნით. "ჯაფრაანი" მესტიის ცენტრში მდებარეობს. ვეცდებით, დამსვენებლის საჭიროებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ჩვენს სტუმრებს ადგილზე რესტორანი და მუსიკალური ბენდიც დახვდებათ“ ,- ამბობს ის.
რაც შეეხება მესტიის საზაფხულო სეზონს, როგორც თამარ ჯაფარიძე ამბობს, ამ მხარის უპირატესობა ის არის, რომ სვანეთი ოთხივე სეზონზე თანაბრად მოთხოვნადია და დამსვენებლით მუდმივად დატვირთულია.
„აქ ყველა სეზონს თავისი ტურისტი ჰყავს. ამ დროისთვის, ებრაელები და ბელარუსები ჭარბობენ. სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან ველოდებით. შემდგომ უკვე ზამთრისთვის მოვემზადებით - კარგია ის, რომ მესტია სულ აქტიურია", - თქვა თამარ ჯაფარიძემ.
„ჯაფარაანის“ პროექტი თიბისი სტარტაპერის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკმა მათ მორგებული პირობები შესთავაზა.