მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარღვეულია უსაფრთხოების წესები" - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტში აფეთქებებს აჩერებს

61f7a5f6c6ac7
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.22 13:05
903
ტყიბულის შახტაში 30 იანვრის 23:00 საათის შემდეგ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. უბედურ შემთხვევაზე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ გაავრცელა, რომლის თანახმად, პირველადი დათვალიერებით ადგილზე შრომის უსაფრთხოების რეგლამენტის დარღვევა გამოიკვეთა, რადგანაც შახტაში აფეთქება ისეთი პირობების დროს განხორციელდა, როდესაც აფეთქების წარმოება არ შეიძლებოდა. ამის გამო ჯანდაცვის სამინისტრო შახტაში აფეთქებებს აჩერებს. 

"შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა უკვე დაიწყო. ფაქტზე, მოხდა მყისიერი რეაგირება და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს. პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები