„ჩვენი გუნდის აქტიური პოლიტიკური ნების შედეგია ის, რომ დღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის აქტიური კონტროლი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი კეთდება იმისთვის, რომ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ქვეყანაში ეფექტიანად იქნას გაუმჯობესებული“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იმ საწარმოების აქტიური კონტროლი დაიწყო, რომლებსაც ტექნოლოგიური ციკლი მოწესრიგებული არ აქვთ.
მაია ბითაძის განმარტებითვე დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით ჰაერის დაბინძურების კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან კანონს მიიღებს.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ორმოცდაათამდე ობიექტი იქნა შემოწმებული და აქედან, 23 რუსთავში. აქტიური მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და რუსთავის ხელისუფლება ბიზნესთან ერთად აქტიურად აწესრიგებს იმისთვის, რომ ასოცირების ახალი რეგულირების და ევროკავშირის რეგულაციების ამ რთულ გზაზე, ერთი მხრივ, ხელი შეეწყოს ბიზნეს, რომ გამოასწოროს საწარმოო პროცესი და მეორე მხრივ, ატმოსფერული ჰაერი იყოს სუფთა და ჯანმრთელობისთვის ადეკვატური. ამისთვის, მრავალმილიონიანი ინვესტირება უწევს ბიზნეს და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მონიტორინგის საფუძველზე.
რაც შეეხება ახალ კანონს, ეს არის ის რაც თბილისში უკვე ორი წელია მოქმედებს. სველი წესით სამშენებლო მასალის დაუმუშავებლობა, გადაუხურავი წესით ტრანსპორტირება, სამშენებლო მოედნებზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი წესით განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით სამართალდარღვევის ობიექტი გახდება” - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.

























