მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დროებითი დირექტორის“ 2.5 წელი: მთავრობა ფილარმონიის არც გაყიდვას გეგმავს და არც - გაიჯარებას

6266b3e41b9df
თელარა გელანტია
25.04.22 18:40
2778
თბილისის დიდ სახელმწიფო დარბაზს (ფილარმონია) მესამე წელია „დროებითი დირექტორი“ ჰყავს.

შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

კერძოდ, ფილარმონია დღეს სახელმწიფო კომპანია „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შვილობილი საწარმოა და 2019 წლიდან მისი დირექტორია ვასილ ვაშაკიძე, რომელიც პარალელურად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია.

2019 წლს 9 ნოემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ეწერა, რომ სახელმწიფო შეიმუშავებდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" განვითარების გეგმას და მოიზიდავდა სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის, თუმცა აღნიშნული გეგმა მესამე წელია არ ჩანს.

„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ კულტურა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად მიმართულებად აქცია, შესაბამისად, რთული გახდა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიამდე დაანონსებული საკონცერტო დარბაზის განვითარების გეგმის შემუშავება“, - განაცხადეს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიაში“ bm.ge-ის კითხვის პასუხად.

აღსანიშნია ისიც, რომ როგორც bm.ge-მ გაარკვია, მთავრობა ფილარმონიის არც პრივატიზაციას გეგმავს და არც გრძელვადიანი იჯარით გაცემას.

„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ამ ეტაპისთვის არ განიხილავს შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას ან/და გრძელვადიანი იჯარის ფორმით გაცემას“, - ამბობენ კომპანიაში, მაგრამ მიზეზებს არ განმარტავენ.

გარდა ამისა, როგორც bm.ge-ის მიერ შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიისგან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, 2020-2021 წლების განმავლობაში შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში“ საშუალოდ დასაქმებული იყო 39 პირი, 2020 წელს მათი შრომის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა 940,421 ლარი, 2021 წელს კი - 896,954 ლარი. როგორც აქტივების მართვის კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ხარჯი „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზმა“ საკუთრი შემოსავლებით დაფარა და ზოგადად, სხვა ხარჯეებსაც თავად ფილარმონია ფარავს.



2020 წლის განმავლობაში შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში“ გაიმართა ორი სატელევიზიო პროექტი და სამი ღონისძიება, აღნიშნულის შედეგად კომპანიამ მიიღო - 259,427 ლარის შემოსავალი დღგ-ს ჩათვლით; 2021 წლის განმავლობაში გაიმართა ერთი სატელევიზიო პროექტი და ოთხი ღონისძიება, აღნიშნულის შედეგად კომპანიამ მიიღო - 203,000 ლარის შემოსავალი დღგ-ს ჩათვლით.

„2020-2021 წლის განმავლობაში ღონისძიებების სიმცირე გამოწვეული იყო პანდემიიდან გამომდინარე არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით“, - ამბობენ აქტივების მართვის კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" ხელშეკრულების მოშლის საფუძველი კი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

„ინტერნეიშენალ ივენთის" მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, 2019 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც bm.ge-ს აქტივების მართვის კომპანიაში უთხრეს, რომლის ბალანსზეც არის ახლა ფილარმონია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.04.2021 წლის N2/1173-21 გადაწყვეტილებით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - შპს "ინტერნეიშენალ ივენთსის" მიმართ, მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით, ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, მაგრამ წერილობით პასუხში დეტალები არ განმარტეს.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება და მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფლება. ამ დრომდე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული არ არის“, - წერია წერილობით გამოგზავნილ პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები