მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელმავალმშენებელი" საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამართულ აქუციონზე "საქართველოს ბანკმა" შეიძინა

641ad9d5ceb23
BM.GE
22.03.23 14:37
8012
სტატიაში საუბარია:

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 22 ჰექტარის ფართობზე არსებული "ელმავალმშენებლის" ქარხანა 19.5 მილიონ ლარად განმეორებით აუქციონზე "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. ობიექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარასკევს ბანკის და სხვა კრედიტორების მიმართ არსებული გადაუხდელი ვალდებულების გამო გაყიდა. 

“ელმავალმშენებლის” ქარხანა აუქციონზე გადაუხდელი ვალდებულებების გამო გამოვიდა. საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

საქართველოს ბანკი აუქციონში მონაწილეობასთან და ობიექტის შეძენასთან დაკავშირებით BMG-ისთვის განმარტებას აკეთებს. ბანკის ინფორმაციით, აქტივი კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით შეისყიდეს. 

"აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწყობილ საჯარო აუქციონზე, სს „ელმავალმშენებლის“ ქონების რეალიზაცია და მის საფუძველზე გამოცემული განკარგულება სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, კრედიტორი - სს „საქართველოს ბანკი“ დაკარგავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აუქციონზე მოვალის ქონება, კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეიძინა სს „საქართველოს ბანკმა“- ნათქვამია ბანკის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.
 
აქამდე “ელმავალმშენებლის” 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია “ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, ქარხნის აქტივები 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ის 80%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა. 
 
გასულ კვირაში ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფასიანი ქაღალდების ეროვნულ რეგისტრს უფლება მისცა დაარეგისტრიროს ჯერ კიდევ 2022 წლის 16 მარტს გაფორმებული აქციების გადაცემის ხელშეკრულება “ლოკო ტრანსსა” და კომპანია “თბილის ტრანსფერს” შორის, რომელიც “ელმავალმშენებელს” 2 მილიონ დოლარად იყიდის.
BMG-ის კომპანია “თბილისი ტრანსფერის” დირექტორმა ირაკლი ჭითანავამ განუცხადა, რომ ისინი ქარხნის აქტივების აუქციონის გზით გასხვისებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება კომპანია "თბილისი ტრანსფერს", ის 2015 წელს არის დაფუძნებული, ხოლო მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჭითანავაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები