რეწვის სახელოსნო "ედენა", რომელიც თექაზე მუშაობით, აბრეშუმზე ხატვით, ნაქარგობითა და მინანქრით სხვადასხვა ტრადიციულ აქსესუარებს ქმნის, რაჭაში, კერძოდ ონში 2015 წლიდან ფუნქციონირებს.
სახელოსნოს დამფუძნებელი, პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ლილი მაისაურაძე BM.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ სტუდენტობის შემდეგ რაჭაში დაბრუნება, სახელოსნოს გახსნა და სხვა ადამიანებისთვის ამ საქმიანობის სწავლება გადაწყვიტა.
"სახელოსნო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს - თექა, აბრეშუმზე ხატვა, ნაქარგობა და მინანქარი. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ, სტუდენტობის შემდეგ კი რაჭაში დაბრუნება გადავწყვიტე, ჩემი სახელოსნო გავხსენი და თავდაპირველად მხოლოდ აქსესუარებს ვქმნიდი, თუმცა დროთა განმავლობაში სურვილი გამიჩნდა, რომ სხვებისთვისაც საქმიანობა მესწავლებინა და უფრო გავფართოებულიყავით - ამჟამად კი 11 ქალი აქტიურადაა დასაქმებული, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ და დაინტერესებასაც არ ვუჩივით,’’ - აცხადებს ლილი მაისურაძე.
მისივე ცნობით, დაინტერესებას ძირითადად ტურისტებისგან იღებენ და თვლიან, რომ ექსპორტი საოცნებო წამოწყება იქნებოდა, რადგან ხელსაქმე საზღვარგარეთ უფრო ფასდება.
"კერძო კონტაქტები გვყავს ამერიკასა და გერმანიაში, რის შედეგადაც ადგილობრივი სუვენირების მაღაზიისთვის რამდენიმე პარტია გავგზავნეთ, რამაც საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა რეგულარული ექსპორტისა და სხვა ქვეყნებში კონტაქტების გაჩენისთვის ხელშეწყობა გვჭირდება - მაგალითად, სახელმწიფო პროგრამები საექსპორტო გამოფენებზე გასვლაში რომ დაგვეხმარონ, ქართული კულტურის დღეებზე დიდი სიამოვნებით წარვადგენდით ჩვენს პროდუქციას.დაინტერესებას ძირითადად ტურისტებისგან ვიღებთ, თუმცა ქართველი მომხმარებლების რაოდენობასაც არ ვუჩივით, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ექსპორტი საოცნებო წამოწყება იქნებოდა, რადგან ხელსაქმე საზღვარგარეთ უფრო ფასდება’’ - განამარტავს "ედენა"-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, იგი მთავარ სირთულედ მასალებზე ფასის ზრდას ასახელებს.
"მასალები ძირითადად თურქეთიდან და ევროპიდან შემოგვაქვს, პანდემიამ ეს პროცესი ცოტა გაართულა, ამას ფასის ზრდაც დაემატა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა ამ ეტაპზე, რამაც ჩვენი ნაწარმის საფასურის 5-7%-ით გაზრდა გვაიძულა. ასევე, როგორც რეგიონში მდებარე სხვა მცირე ბიზნესებს, ჩვენთვისაც ერთ-ერთ გამოწვევა დედაქალაქისგან შორს ყოფნაა, რაც ავტომატურად შესაძლებლობებისგან დაშორებას გულისხმობს. ქალაქში არსებულ საწარმოებს უფრო მარტივად შეუძლიათ გამოფენებში მონაწილეობა და უფრო აქტიურები არიან, ჩვენ კი გვიწევს, რომ ონლაინ გაყიდვები უფრო გავაძლიეროთ და სხვა გზები მოვიძიოთ,’’ - ამბობს ლილი მაისურაძე.
ცნობისთვის: "ედენა"-ს წარმოებული ტრადიციული სუვენირები ონში, მათსავე ეთნო მაღაზიაში, თბილისში მდებარე სოციალურ საწარმოთა მაღაზია "ესკი"-ში, სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა გამოფენებზე იყიდება. რაც შეეხება მათ საფასურს, 5 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირიანი პროდუქცია 250 ლარი ღირს, დამფუძნებლის ცნობით, ფასი სამუშაოს სირთულის მიხედვით იცვლება. სახელოსნოს შესაქმნელად პირველადი ინვესტიცია 7 000 ლარი იყო, რომელიც დამფუძნებელმა "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა’’ და "პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის’’ ერთობლივი პროექტით მოიპოვა.