მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტის კლება რომ წლიურად 15%-ზე ნაკლები არ იქნება, ცხადია" - ექსპორტის ასოციაცია

5f60a118ce8e5
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.20 15:42
1067
"ექსპორტის კლება წლის ბოლოს 15%-ზე ნაკლები არ იქნება", - ამის შესახებ BM.GE-ის ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ანი კვარაცხელიამ 2020 წლის რვა თვეში ექსპორტის 14.7%-იან კლებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას ვაჭრობის შემცირების ორი პროგნოზი აქვს შემუშავებული. პირველის მიხედვით 2020 წელს მსოფლიოში ვაჭრობა, დაახლოებით, 14%-ით შემცირდება, მეორე მოდელით კი, ამბობენ, რომ კლება 35%-იანი იქნება.

„მსოფლიოში ვაჭრობის შემცირება, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოზე. აქ ორმხრივი ფაქტორები მოქმედებს - ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით არსებული რეგულაციები, რომლის გამოც ფერხდება ყველაფერი და მეორე მხრივ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

კითხვაზე - იყო თუ არა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული შეზღუდვები ექსპორტის მიმართულებით, ექსპორტის განვითარების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არა, თუმცა ის პრობლემები, რომელიც პანდემიის გავლენით კიდევ უფრო გაღრმავდა, ექსპორტიორებზე დიდ გავლენას ახდენს. 

„ექსპორტთან მიმართებაში შეიძლება კონკრეტულად არ იყო შეზღუდვები დაწესებული, მაგრამ ამ პერიოდში წარმოების და ლოგისტიკის ხარჯები გაიზარდა, მსოფლიოში მსყიდველუნარიანობა შემცირდა, შესყიდვების მიმართ ხალხის მოტივაციამ იკლო, შესაბამისად, ეს მოქმედებს ვაჭრობაზე. ექსპორტში მატება რამდენიმე მიმართულებით გვაქვს, მაგალითად, ხილის ექსპორტია გაზრდილი, ასევე - ცოცხალი ხილ-ბოსტნეულის, თუმცა ეს მატება იმდენად დაბალპროცენტიანია, რომ მსხვილი საექსპორტო პროდუქტების კლებას ვერ აკომპენსირებს“, - აღნიშნა მან.

ანი კვარაცხელია ამბობს, რომ ექსპორტის შემცირების მიმართულებით პროგნოზების გაკეთება რთულია.

„ჩვენთვის პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. არ ვიცით როგორ განვითარდება პანდემია და მთავრობა რა ზომებს მიიღებს, რა შეზღუდვებს დააწესებს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, 15%-ზე ნაკლები რომ არ იქნება წლის ბოლოს ექსპორტის კლება, ცხადია“, - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები