მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ეწინააღმდეგება მთლიანად კონსტიტუციურ სულისკვეთებას" - დავით ზედელაშვილი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტებზე

6404d9d9df787
თამთა ჯიჯავაძე
05.03.23 22:22
906
კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტები საფრთხეს უქმნის და ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობას, ვინაიდან ის თანამდებობის პირებისთვის უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს.

როგორც გადაცემა „Forbes-კვირაში“, დავით ზედელაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ყველა იმ ორგანიზაციის ტოტალურად გაკონტროლება, რომელიც ამჟამად ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება.

„ეს წინააღმდეგობაშია მთლიანად კონსტიტუციის სულისკვეთებასთან და ძირითადი უფლებების ნორმებთან, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, სამეწარმეო თავისუფლება, რომელიც საძირკველია საქართველოს ეკონომიკური სისტემისა… ეს საფრთხეს უქმნის და ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობას, რამდენადაც თანამდებობის პირების აბსოლუტურად თვითნებურ და უკონტროლო უფლებამოსილებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს იმას, რომ ტოტალურად შეგიძლია გააკონტროლო და მოსპო ყველა ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ.

ამასთან შეუთავსებელია იმ მისწრაფებასთან, რაც ჩვენ საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით გვაქვს - ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არამხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ ზოგადი ანალიტიკური მსჯელობით, არამედ ამის შესახებ პირდაპირ გვეუბნებიან და გვაფრთხილებენ ევროკავშირის ინსტიტუტები. იყო შესაბამისი განცხადებები“, - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტები არის არამხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საჭირო ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს, არამედ სხვა კონსტიტუციური ნორმების და მთლიანად კონსტიტუციის სულისკვეთების დარღვევა.

„ეს იმ ადამიანებს, რომლებიც სახალხო მანდატით სარგებლობენ, აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. ეს ნორმები თავისით ვერ აღსრულდება. კონსტიტუციური ნორმები სპეციფიკურია სხვა ნორმებისგან განსხვავებით, მათ ძალა კი არ აღასრულებს, არამედ მათ ისინი უნდა შებოჭონ, ვისაც ძალაუფლება აქვს. პირველ რიგში ძალაუფლების მქონეებს უნდა სწამდეთ, რომ ამ ნორმებით თავი უნდა შეიზღუდონ და თუ ეს რწმენა არ არსებობს და ყოველ ნაბიჯზე ჩანს, რომ ეს რწმენა არ აქვთ, ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია ახლა პრაქტიკულად უმოქმედოა“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

ცნობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტის ორმა კომიტეტმა უკვე მხარი დაუჭირა. მათი განხილვა ხვალ იურიდიულ კომიტეტში განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები