მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ესაა პიარული სვლა სააპელაციო სასამართლოს წინ" - ზვიად კორძაძე TBC PLC-ის აქციონერის გამოჩენაზე

620f6c9157795
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 14:20
1717
„ღიმილის მომგვრელი პიარული სვლაა, როცა ვერ ასახელებ როდის გახდი აქციონერი“, - ასე აფასებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე, დღეს „თიბისის“ ახალი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის გამოჩენას. დღეს ახლად გამოჩენილი TBC PLC-ის აქციონერის, ბრიტანეთის მოქალაქე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკისთვის მიყენებული 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ თემაზე პრესკონფერენცია იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ დღეს გამართა. მანამდე თავად იან მალქოლმ ჰოქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოთხოვნილია აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.

ზვიად კორძაძე „TV პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში დაზარალებული მხარე საერთოდ არ ფიგურირებს, ხოლო იან მალქოლმ ჰოქის წარმომადგენელი ვერც კი ასახელებს როდის გახდა ის TBC PLC-ის აქციონერი.

„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, რადგან დაზარალებულობა არ არის განცდა, ეს სამართლებრივი მდგომარეობაა, შესაბამისად უნდა გქონდეს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ დაზარალებული იყო. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საქმეში დაზარალებული მხარე არ არსებობს. ე.წ. დაზარალებულს ერთი კითხვა დავუსვით - როდის შეიძინა აქციები, იყო თუ არა 2008 – 2012 წლებში აქციების მფლობელი, რამდენ აქციას ფლობს საერთოდ ... ლონდონის ბირჟაზე აქციები ახლა თავისუფლად ივაჭრება და ყველას შეუძლია მათი შეძენა, თუმცა ამით დაზარალებულად ვერ იქცევა. ეს სააპელაციო სასამართლოს წინ წმინდა პიარული სვლაა, აბსურდულია სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც დაზარალებული საერთოდ არ ფიგურირებს და შესაბამისად, რადგან სამართლებრივად დაზარალებული არ ჰყავთ, უნდათ, სიტყვა - დაზარალებული გაჟღერდეს და თქვან, რომ ვიღაც დაზარალებულია.

ერთ კითხვას ვუსვამთ ახლადგამოჩენილ „დაზარალებულს“ - როდის შეიძინა აქციები და თუ ბრიტანეთის მოქალაქეა ბრიტანულ იურისდიქციაში რატომ არ შეაქვს სამართლებრივი საკითხები და რატომ ირჩევს პრესკონფერენციის გზას საქართველოში?!

ეს რომ სამართლებრივი გზა არ არის, ცალსახაა. ასეთ შემთხვევაში პრესკონფერენციებს არ გამართავდნენ და არ დაანონსებდნენ. ჯერ უნდა მიმართო და მერე უნდა თქვა. ეს თავიდან ბოლომდე ღიმილის მომგვრელი პიარული სვლაა, როცა ვერ ასახელებ როდის გახდი აქციონერი“, - ამბობს კორძაძე.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ იმ საქმეში არა თუ ეს ადამიანი, არამედ დაზარალებული საერთოდ არ არის და არც დანაშაულია სახეზე.

„შესაბამისად არავის, არაფრის მოთხოვნა არ შეუძლია. რომც იყოს საქმეში ვინმეს მიმართ დაზარალებულად ცნობის საფუძველი, ეს ადამიანი ვერ იქნება, რადგან დაზარალებული თუ ვინმე შეილება იყოს ამ საქმეში ეს „თიბისი ბანკია“, რომელიც ამბობს რომ დაზარალებული არ არის. სწორედ ამიტომ ამბობს ვიღაც ფიგურანტი, რომ დაზარალებულია, რათა ეს სიტყვა ყურში გაჯდეს“, - ამბობს კორძაძე.

შეგახსენებთ, 13 იანვარს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და მოსამართლემ ისინი ფულის გათეთრებისა ნაცვლად, თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ იმის გამო, რომ დანაშაულს უკვე ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, პატიმრობა გაუუქმდათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „თიბისის" დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იგივე გზას მიმართა საქართველოს პროკურატურამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები